კომპანიის შესახებ
YouTube ვიდეოების გაზიარების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ატვირთონ ვიდეო, უყურონ სხვა მომხმარებლების მიერ მომზადებულ მასალას, შეაფასონ მოწონების ღილაკით, დაწერონ კომენტარი, გააზიარონ, შექმნან ვიდეოების სხვადასხვა ჯგუფები და გახდნენ გამომწერები. YouTube-ზე ვხვდებით ყველანაირი შინაარსის ვიდეოებს. ესენი შეიძლება იიყოს: სატელევიზიო შოუები, მუსიკალური კლიპები, დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები და მათი ტრეილერები, სარეკლამო რგოლები, ფრაგმენტები, აუდიო ჩანაწერები, პირდაპირ ეთერში მომზადებული მასალა, ადამიანების მიერ შექმნილი სახალისო და საგანმანათლებლო ვიდეოები და ა.შ.
პლათფორმას იყენებენ როგორც ინდივიდუალური პირები, ასევე კომერციული ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, რომ YouTube-ის დაარსებიდან დიდი ხანი არ არის გასული, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი ვისაც ერთი ვიდეო მაინც არ უნახავს ამ პლატფორმაზე, ზოგი კი ვებ გვერდის ძალიან აქტიური მომხმარებელია. ამ სტატიის წერის დროსაც ფონად ჩართულია YouTube-ზე განთავსებული მუსიკა.
კომპანიის დაარსება
კომპანია, 2005 წლის თებერვალში, დააარსა PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა: ჩად ჰარლიმ, სტივ ჩენნმა და ჯევედ კარიმმა. კომპანიის პირველი ოფისი კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ სან მატეოში, პიცერიის და იაპონური რესტორნის თავზე მდებარეობდა. დღეს კომპანიის სათაო ოფისი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბრუნოშია.
თავდაპირველად, დამფუძნებლებს სურდათ ონლაინ გაცნობის სერვისის ბიზნესის გაკეთება, რომელიც მალევე ჩაფლავდა, თუმცა პლატფორმას ჰქონდა ვიდეოების ატვირთვის ფუნქცია, რაც იმ დროისთვის იშვიათობას წარმოადგენდა.
დამფუძნებლებს, YouTube-ის ვიდეოების გაზიარების პლატფორმად გადაკეთების იდეა მაშინ მოუვიდათ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ Super Bowl-ის კონცერტის დროს ჯასტინ ტიმბერლეიკის და ჯენეთ ჯექსონის წინასწარ კარგად დადგმული გახმაურებული ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვერ მოიძიეს. აქედან გამომდინარე, დაიწყეს ფიქრი ისეთი პლატფორმის შექმნაზე რომელიც ინტერნეტის მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა აეტვირთათ ან მოეძიებინათ მათთვის სასურველი ვიდეო არსებული ინტერნეტის სიჩქარის და ხელმისაწვდომი ინტერნეტის ბრაუზერების პირობებში. დღეს ზემოხსენებული ვიდეოს მოძებნა ძალიან დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს სწორედ YouTube-ის პლატფორმის წყალობით.
YouTube-ზე განთავსებული პირველი ვიდეო
პირველი ვიდეო პლატფორმაზე აიტვირთა 2005 წლის 24 აპრილს, სახელწოდებით Me at the zoo. ვიდეო გადაღებულია სან დიეგოს ზოოპარკში სადაც ჩანს ორი სპილო და კომპანიის თანადამფუძნებელი ჯევედ კარიმი, რომელიც სპილოებზე საუბრობს. 18 წამიან ვიდეოში დიდი შინაარსი არ დევს, თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის პლატფორმის პირველი ვიდეოა, 16 წლის განმავლობაში 165 მილიონზე მეტი ნახვა და 8 მილიონამდე მოწონება დაიმსახურა.
დამფუძნებლებს მოვალეობები გადანაწილებული ჰქონდათ. ჰარლი, ვიზუალსა და ვებ გვერდის დიზაინზე მუშაობდა, ჩენი პასუხისმგებელი იყო ვიდეოების ატვირთვის და გაშვების ფუნქციონალზე, ხოლო კარიმი პროგრამისტი იყო და საიტის სტრუქტურა და ფუნქციონალი უნდა მოეყვანა თანხვედრაში.
კომპანიას ინვესტორები მალევე გამოუჩნდნენ. 2005-2006 წლებში „სექვოია კაპიტალმა“ და „არტის კაპიტალ მენეჯმენტმა“ კომპანიაში 11.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც კომპანიის ზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
კომპანიის ზრდა
პლატფორმის გაშვებიდან ერთი თვის შემდეგ ვებ გვერდის დღიური ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 30,000-ს შეადგენდა, ხოლო 6 თვის შემდეგ მათმა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. 2006 წლის მარტში საიტზე ატვირთული იყო 25 მილიონზე მეტი ვიდეო, დღეში კი 20,000 ვიდეო ემატებოდა. 2006 წლის ზაფხულში YouTube იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია, რომელსაც დღეში 65,000 ვიდეო ემატებოდა.
ვებ გვერდის თავდაპირველი დიზაინი ასე გამოიყურებოდა.

YouTube-ის მომხმარებელთა დომინანტი აუდიტორია, დასაწყისიდან 12-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ.
ასეთი არანორმალური ზრდა, კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვან განვითარებას და ინვესტიციების განხორციელებას მოითხოვდა, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო სერვისის უწყვეტი მიწოდება და არ მომხდარიყო ვებ გვერდის „გადატვირთვა“. აღნიშნული მიზნების მისაღწევად კომპანიამ მიმართა Google-ის სერვისების გამოყენებას, აუთსორსინგს.
შეფასებულია, რომ 2007 წელს YouTube-ის ინტერნეტ გამტარუნარიანობა (Bandwidth) იყო იმაზე მეტი, ვიდრე 2000 წელს მთელი მსოფლიო ინტერნეტი მოიხმარდა.
2017 წლის თებერვლისათვის, პლატფორმაზე, ერთ წუთში, ჯამურად იტვირთებოდა 400 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეოები, ხოლო 2020 წლისათვის იგივე მონაცემმა დაახლოვებით 500 საათი შეადგინა. ვიდეოების ყურების ჯამური დღიური წუთები დღეს ერთ მილიარდ საათს აჭარბებს.
Google-ის რეაქცია YouTube-ის ზრდაზე
კომპანიის პოტენციალი Google-ის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მისი დაარსებიდან წელიწადსა და 9 თვეში YouTube 1.65 მილიარდ დოლარად შეისყიდა. შესაბამისად, 2006 წლის ნოემბრიდან YouTube კომპანია Google-ის შვილობილი კომპანიაა. ეს იმ დროისთვის Google-სთვის ერთ-ერთი უმსხვილესი შესყიდვა იყო, ხოლო 2021 წლის მდგომარეობით ტრანზაქცია Google-ის მსხვილი შესყიდვების რეიტინგში სიდიდის მიხედვით მე-6 ადგილს იკავებს.
კომპანიის მიერ შექმნილი პროფესია
იუთუბერი – ეს არის სიტვა და პრაქტიკულად უკვე პროფესიაც რაც კომპანიის ბიზნესმოდელიდან გამომდინარე შეიქმნა. YouTube ყოველწლიურად იღებს კოლოსალურად დიდ სარეკლამო შემოსავლებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხარჯების გაწევის გარეშე ვერ მიაღწევდა. ვიდეოების შემქმნელებსა და პლატფორმაზე განმათავსებლებს კომპანია უხდის პროცენტულ საკომისიოს თითოეული ნანახი ვიდეოსთვის. აღნიშნული ბიზნესმოდელი მოტივაციას აძლევს მსოფლიოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აწარმოონ საინტერესო და მიზნობრივი შინაარსის ვიდეოები იმისათვის რომ გამოიმუშავონ შემოსავლები.
ეს არის სიტუაცია როდესაც ჩართული სამივე მხარე მოგებულია: YouTube რომელიც იღებს სარეკლამო შემოსავლებს, ბიზნესი რომელიც YouTube-ზე რეკლამის განთავსების საშუალებით რეალიზაციას უკეთებს პროდუქციას ან მომსახურებას და ვიდეოების შემქმნელები, რომლებიც ინაწილებენ YouTube-ის მიერ მიღებული შემოსავლების წილს.
იმისათვის, რომ თქვენს მიერ ატვირთული ვიდეოებზე YouTube-მა რეკლამის განთავსება დაიწყოს რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. თქვენს არხს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 1,000 გამომწერი და განთავსებული ვიდეოების ჯამური ყურების საათები ბოლო 12 თვის განმავლობაში 4,000-ს უნდა აჭარბებდეს. თქვენ თუ შეძლებთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას თქვენ შემოსავლების გენერირებას დაიწყებთ.
ალბათ აქვე გაჩნდება კითხვა, თუ რა თანხას იხდის YouTube თქვენს ვიდეოებზე განთავსებული რეკლამებიდან? სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებისთვის ერთ ნახვაზე გადახდილი თანხა იცვლება, დაახლოვებით ის მერყეობს 0.1 აშშ დოლარიდან 0.3 აშშ დოლარამდე, და საშუალოდ 0.18-ს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენი არხი 1,000 ნახვას მოაგროვებს YouTube თქვენ 18 აშშ დოლარს გადაგიხდით, მილიონ ნახვაზე 18,000 აშშ დოლარს და ასე შემდეგ. თუმცა აღნიშნული თანხა შესაძლოა ყოველთვის იცვლებოდეს. წარმატებული იუთუბერები და YouTube არხები წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონიან შემოსავლებს იღებენ.
კომპანიის რეიტინგი
2021 წლის მაისის მდგომარეობით YouTube მსოფლიოში Google-ის შემდეგ ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გვერდია, სადაც მომხმარებელი საშუალოდ დღეში 18:42 წუთს ატარებს. შედარებისთვის, მომხმარებლების მიერ, ერთ დღეში, ვებ გვერდზე გატარებული საშუალო დროის მიხედვით იგი Facebook-საც სჯობნის, რომლის მსგავსი მაჩვენებელი 18:31 წუთია.
YouTube-მა 2020 წელს სარეკლამო შემოსავლის სახით დაახლოვებით 20 მილიარდ აშშ დოლარი მიიღო.



