COVID-19 პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ახალმა ვირუსმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია ასევე ოფისების მოწყობასთან და საერთოდ ყოველდღიურ საოფისე საქმიანობასთან დაკავშირებით. დასაწყისისთვის, მენეჯერებმა დაინახეს, რომ თანამშრომელი შესაძლოა ისეთივე პროდუქტიული იყოს სახლიდან მუშაობის დროს, როგორც ოფისიდან იყვნენ წლების განმავლობაში. მათ გასაკვირად, ხშირ შემთხვევაში, თანამშრომელთა პროდუქტიულობა მნიშვნელოვნადაც კი გაიზარდა.
COVID 19 პანდემიას მსოფლიო უფრო მეტად უმკლავდება დღეს, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო შესაძლებელი. თითქოს სულ მალე უნდა მოვიდეს დრო, როდესაც კომპანიები თანამშრომლებს ოფისებში დააბრუნებენ. ზოგიერთმა კომპანიამ შესაძლოა მიდგომები ამ მიმართულებით მნიშვნელოვნადაც კი შეცვალოს.
კომპანიების დიდ ნაწილს ახლა აინტერესებს, თუ როგორ შეუძლიათ თანამშრომლები დააბრუნონ ოფისებში ისე, რომ მათთვის ოფისში მუშაობა მაქსიმალურად სასიამოვნო და პროდუქტიული გახადონ.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობაზე მოქმედებს ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა ხედი ფანჯრიდან, საერთო სამუშაო სივრცე და არა ცალკეული ოთახები. ამასთანავე, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სამუშაო ადგილებს სადაც მათ უკან განთავსებული არ არის სხვა სამუშაო მაგიდა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დასაქმებულთა პროდუქტიულობა გაცილებით მაღალია მაშინ, როდესაც ისინი მცირე ზომის ოფისებში მუშაობენ, სადაც სამუშაო მაგიდების რაოდენობა მცირეა.
“ჩვენი დასკვნები ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს, სამუშაო ადგილების მოწყობის დღეს გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს დიდი საერთო სივრცის ოფისებს.” – კვლევის წამყვანი ავტორი დოქტორი კერსტინ სეილერი
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ მიმდინარე COVID-19 პანდემიამ, აიძულა დამსაქმებლები ეპოვათ გზები, რათა სამუშაო ადგილები თანამშრომლებისთვის გაეხადათ მაქსიმალურად მიმზიდველი.
კვლევის დეტალები
მკვლევარებმა შეაფასეს და გააანალიზეს ლონდონის მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის ოთხ სართულიანი სათაო ოფისი. მათ გამოკითხეს პერსონალი თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ ოფისით და მიღებული შედეგები განაზოგადეს.
აღმოჩნდა, რომ სამუშაო მაგიდების დიდი რაოდენობა თანამშრომლებში უკმაყოფილებას იწვევდა. თანამშრომელთა უმეტესობა ასევე უკმაყოფილო იყო მაშინ თუ მათი სამუშაო მაგიდა ისე იყო განლაგებული, რომ მათ კედლის ყურება უწევდათ. სავარაუდოდ, თავდაპირველად, კედლისკენ მიბრუნებული სამუშაო მაგიდების მიზანი, იყო ის რომ თანამშრომლებს ყურადღება არ გადაეტანათ საერთო სამუშაო სივრცეში სხვა მოვლენებისკენ და ნაკლები ყოფილიყო იმის ალბათობა, რომ ერთმანეთში ილაპარაკებდნენ.
კვლევაზე დაფუძნებით გაკეთებული UCL-ის განცხადების თანახმად: “საერთო ჯამში, თანამშრომლები, რომლებსაც უფრო მეტი ვიზუალური კონტროლი აქვთ თავიანთ სამუშაო გარემოზე, 40-ჯერ მეტად აფიქსირებდნენ, რომ ისინი ასეთ დროს მეტად პროდუქტიულები არიან, მათი კონცენტრაცია გაუმჯობესებულია და მათი გუნდური მუშაობის უნარები გაუმჯობესებულია.



