4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

თუ გსურთ თქვენი ბლოგის შემოსავლები გაიზარდოს ამ რჩევებს მიჰყევით

რჩევები ახალ ბლოგერებს

ზოგიერთს ბლოგის დაწყების იდეა შეიძლება სპონტანურად მოუვიდეს, ზოგისთვის კი ეს დიდი ხნის სურვილი შეიძლება იყოს. ბლოგის იდეის გაჩენიდან, ზოგი პირდაპირ საქმეს შეუდგება ხოლმე, თუმცა მეორე კატეგორია დიდ დროს ატარებს იმაზე ფიქრში, ფლობენ თუ არა საჭირო უნარებს წარმატების მისაღწევად. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ პროცესების დაწყებაში ქვემოთ განვიხილავთ იმ უნარებს, რაც ბლოგერს დროთა განმავლობაში უნდა განუვითარდეს – წარმატებული, მყარი და მომგებიანი ბლოგის შესაქმნელად.

ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ:

  • რომელი უნარ-ჩვევების განვითარება გჭირდებათ იმისათვის, რომ გახდეთ წარმატებული ბლოგერი;
  • რომელი უნარები დაგეხმარებათ დამატებით;
  • ბლოგერის საქმიანობაში წარმატების მომტანი მიდგომებისთვის რამდენიმე რჩევას.

სანამ უშუალოდ ბლოგერისთვის საჭირო უნარ ჩვევების განხილვაზე გადავალთ, გაგაცნობთ რამდენიმე ბლოგერულ ვებ-გვერდს, რომლებიც წლის განმავლობაში მილიონობით აშშ დოლარს გამოიმუშავებენ. საიდან უნდა მიიღოს ბლოგმა შემოსავალი ამის შესახებ სხვა სტატიებს შემოგთავაზებთ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ რამდენიმე ბლოგს და მათ მიერ, 2020 წელს მიღებულ წლიურ შემოსავლებს:

Moz – 44.9 მლნ აშშ დოლარი

PerezHilton – 41.3 მლნ

Copyblogger – 33.1 მლნ

Mashable – 30 მლნ

TechCrunch – 22.5 მლნ

Gizmodo – 4.8 მლნ და ასე შემდეგ.

მგონი რიცხვები საინტერესოდ გამოიყურება, მაშ ასე, დავიწყოთ:

განიხილეთ – ვინ, რა და რატომ

„ვინ“ – როგორც ბლოგერი, ღრმად დაფიქრდით თუ ვინ იქნება თქვენი მიზნობრივი აუდიტორია. ვისთვის იქნება განკუთვნილი სტატიები, საინტერესო იდეები თუ სხვა საკითხები, რის შესახებაც თქვენ გადაწყვეტთ დაწეროთ.

თქვენ დიდი ალბათობით, იქნებით უფრო წარმატებული, თუ აირჩევთ შედარებით ვიწრო მიზნობრივ ჯგუფს და არა მკითხველთა უშველებელ არმიას. მაგალითად,  თუ შევადარებთ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და სპორტის მოყვარულებისთვის შექმნილ ბლოგებს, ამ უკანასკნელის დაფარვის სფერო გაცილებით მაღალია. თუმცა, ფეხბურთის თემის კიდევ უფრო მეტად დავიწროებაც შესაძლებელია რეგიონის თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით.

რაც უფრო სპეციფიკური იქნება თქვენს მიერ არჩეული თემა, მით უფრო ერთგული მკითხველი და მიმდევრები გეყოლებათ. 100,000 კაციან გამომწერთა ჯგუფს, რომლებიც იშვიათად კითხულობენ თქვენს ბლოგს, სჯობს 5,000 გამომწერი, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან თითოეულ პოსტს. 5,000 გზააბნეულ მკითხველს კი 1,000 ადამიანი ჯობს, რომელმაც ზუსტად იცის რა აინტერესებს და სისტემატურად წაიკითხავს თქვენს მიერ მომზადებულ მასალას.

საბოლოო ჯამში, თქვენი გადასაწყვეტი იქნება, თუ რა მიზნობრივ და როგორი დეტალიზაციის აუდიტორიაზე გააკეთებთ აქცენტებს. დროთა განმავლობაში კი დაკვირვების წარმოებით, შეიძლება გადაწყვეტილებები შეცვალოთ და მოსინჯოთ სხვადასხვა ვერსიები. თუმცა, გადაწყვეტილების ცვლილება ხშირი არ უნდა იყოს. მკითხველი, რომ ბლოგის სტილს შეეჩვიოს და თქვენი ერთგული მიმდევარი გახდეს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

„რა“ –  თქვენი ბლოგის თემის შერჩევისთვის ყველაზე მეტი ფიქრი მოგიწევთ. ეს აუცილებლად უნდა იყოს ისეთი საკითხი რაშიც გაქვთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. თემა რაზეც გსურთ მოსაზრებების გაზიარება, თქვენ თვითონ ძალიან უნდა გაინტერესებდეთ, სხვა შემთხვევაში დიდი ხანი ვერ გაუძლებთ შესასრულებელ საქმეებს და სავარაუდოდ მალე მიანებებთ თავს.

თემის შერჩევისას მოიძიეთ არიან თუ არა სხვა ბლოგერები რომლებიც მსგავს თემებზე წერენ სტატიებს. თუ ისეთ ნიშას იპოვით, რომელზეც ინტერნეტსივრცეში სიცარიელეა ეს შესაძლოა თქვენს დიდ პლუსად იქცეს და სწრაფი ზრდის შესაძლებლობა მოგცეთ.

„რატომ“ – აუცილებელია დაფიქრდეთ თქვენს საკუთარ ამბიციებზე. თავიდანვე კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული, თუ რატომ მოუნდებათ თქვენი სტატიების წაკითხვა სხვებს. რა ცოდნის და გამოცდილების შეთავაზება შეგიძლიათ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ საკითხს რომელსაც აირჩევთ მის შესახებ აზრების გამოხატვაში, უკვე ჩამოყალიბებული და  ყველაზე გამორჩეული ექსპერტი იყოთ. ხშირად თქვენ დაგჭირდებათ ათეულობით სხვა სტატიების გაცნობა, იმისათვის, რომ თქვენი ნაშრომი გამოვიდეს საინტერესო და ფაქტებზე დაფუძნებული.

ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ნაწილის დეტალური ანალიზი, (ვინ, რა და რატომ) არის თქვენი პირველი ნაბიჯები ბლოგერების სამყაროსკენ მიმავალ გზაზე.

ისიამოვნეთ წერის პროცესით

ნომერ პირველი მნიშვნელოვანი უნარი, ნამდვილად არის ის, რომ თქვენ წერის პროცესით სიამოვნებას უნდა იღებდეთ. ბლოგერობა ნიშნავს სტატიების რეგულარულად შედგენას. თუ თქვენ დილით გაღვიძებისას სიხარულით მიაშურებთ კლავიატურას წერის დასაწყებად მაშინ თქვენ ის გაქვთ, რაც რეალურად ყველაზე მეტად გჭირდებათ. შემდეგ სიამოვნებას კი თქვენს სტატიაზე მიღებული გამოხმაურებით უნდა იღებდეთ, რაც იქნება თქვენს მიერ გაწეული შრომის შედეგი.

დაწერე კარგად

სინამდვილეში, რას ნიშნავს “კარგად წერა”, შეიძლება ყველას განსხვავებულად ესმოდეს. მნიშვნელობა აქვს ასევე იმას, თუ რის შესახებ წერთ. მაგალითად, ფინანსური ბლოგის ავტორის წერა დიდწილად შეუთავსებელია იმასთან, რასაც წერს ბლოგერი გასართობი კომპიუტერული თამაშების საიტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მკითხველის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და თქვენი სტატიები იყოს სასიამოვნოდ წასაკითხი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ მსოფლიო დონის ავტორი. თუმცა იმას კი ნამდვილად გულისხმობს, რომ თქვენ ყოველთვის უნდა იყოთ კონცენტრირებული სწორი ენის, სწორი ორთოგრაფიისა და გრამატიკის გამოყენებაზე.

ჩაატარეთ კვლევა

როდესაც საქმე ეხება თქვენი აზრებისა და გამოცდილების შესახებ თემების წერას, იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ კვლევა, ძალზე მნიშვნელოვანია. იყო ეფექტური მკვლევარი ნიშნავს შეძლო რაღაცის ყველა შესაძლო კუთხიდან დანახვა და დამაჯერებელი და მყარი არგუმენტების ჩამოყალიბება.

იყავით დისციპლინირებული

თუ ოცნებობთ, რომ ბლოგს შექმნით და ერთ ღამეში გახდება ცნობილი და წარმატებული, მაშინ იმედგაცრუებული დარჩებით. თქვენი ბლოგის მნიშვნელოვანი და ჩართული აუდიტორიის მოზიდვა მხოლოდ თანდათანობით მოხდება – რაც ნიშნავს იმას, რომ მოთმინებით უნდა დაელოდოთ შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იგრძნოთ, რომ წერის დრო არ არის, ახალი შინაარსის სტატიების რეგულარულად დამატება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბლოგის იმპულსის შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი კი სისტემატურად, თანმიმდევრულად უნდა აკეთოთ. თანმიმდევრულობა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია წარმატების ფორმულაში.

აირჩიეთ სწორი საგანი

თუ თქვენ აპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი დრო დაუთმოთ ბლოგს კონკრეტულ თემაზე, მაშინ დარწმუნდით, რომ ეს თემა თქვენ თავად გიზიდავთ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ რისკავთ ინტერესის დაკარგვას და უფრო გაგიძნელდებათ სამუშაოს შესრულება.

გაიუმჯობესე ცოდნა

აუცილებელი, არ არის რომ იყოთ წამყვანი ექსპერტი თქვენს მიერ არჩეულ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ ასევე არ უნდა იყოთ დამწყები ამ საკითხში. მკითხველი სწრაფად შეამჩნევს, როდესაც თქვენ არ გესმით იმ საკითხის შესახებ რაზეც წერთ. სხვადასხვა წყაროების გამოყენებით გაიუმჯობესეთ ცოდნა და დროთა განმავლობაში თქვენ ბუნებრივად შექმნით ნოუ-ჰაუს თქვენს თემებზე. აღნიშნული კი გაგიადვილებთ წერის პროცესს.

იყავით ღია

აუცილებელი არ არის გიყვარდეთ გიყვარდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ონლაინ საზოგადოებაში ახალი გამოცდილებისა და ურთიერთობებისადმი გახსნილობა შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს. საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც ღია და მისაწვდომი, ნიშნავს იმას, რომ თქვენ დაამყარებთ ახალ საქმიანი ურთიერთობებს და შემოიკრებთ მონდომებულ მკითხველთა საზოგადოებას. იმის ცოდნა, თუ როგორ მოექცე სხვებს, მნიშვნელოვანია. თუ თქვენი ქმედებები იქნება პროვოკაციული და კონფრონტაციული ეს უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს შემოქმედებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

გაითვალისწინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებები

ნაშრომებში თქვენი გამოცდილების და მოსაზრებების გამოყენებასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სხვა ადამიანების შეხედულებები საწერ თემასთან დაკავშირებით. მათ შესაძლოა ჰქონდეთ უკვე კარგად ჩამოყალიბებული მოსაზრებები და მიდგომები თემასთან დაკავშირებით, რომელიც კონსტრუქციულად არის უკვე წარმოდგენილი ონლაინ სივრცეში.

მოიპოვეთ ნდობა

სტატიის შედგენა და ბლოგზე განთავსება ნიშნავს, ადამიანებთან ურთიერთობას. მსგავსი ურთიერთობები კი ნდობის გარეშე დიდ ხანს ვერ გასტანს. ამიტომ მნიშვნელოვანია, იზრუნოთ საკუთარ იმიჯზე. თქვენ პერიოდულად უნდა მოახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ თქვენი ნდობა შეიძლება და მხოლოდ იმიტომ არ წერთ სტატიას, რომ პირადი ინტერესები გამოძრავებთ. თუ თქვენ ერთხელ მაინც დაუშვებთ ამ შეცდომას, მისი გამოსწორება გაცილებით რთული იქნება ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ.

ასევე, გაითვალისწინეთ თქვენი მორალური პოზიცია როგორც წერის დროს, ასევე ბიზნესში. წარმატებული ბლოგერები არ თანხმდებიან ფულის გამომუშავებისათვის საეჭვო შეთავაზებებს. ასე რომ, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ სხვების მოტივები და შეინარჩუნეთ სუფთა სინდისი თქვენს საქმეებში.

ბონუს უნარები

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ქვემოთ ჩამოთვლილი უნარი არ არის აბსოლუტური აუცილებლობა, ქვემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ სფეროში გამოცდილების გამომუშავებამ შეიძლება გაამარტივოს ბლოგერის ცხოვრება:

ტექნიკური ცოდნა: თუ თქვენ გათვითცნობიერებული იქნებით როგორ უნდა მართოთ ვებგვერდი, ჰოსტინგი და სხვა დაკავშირებული ვებ ტექნოლოგიები, მაშინ სტატიის განთავსება გაცილებით ადვილი და სწრაფი გახდება. თქვენ გათავისუფლდებით სხვებზე დამოკიდებულებისგან, დაზოგავთ დროს და ფულად სახსრებს. ამ უნარების შეძენა კი არც თუ ისე ძნელია, მხოლოდ მონდომებაა საჭირო.

HTML/CSS: თუ თქვენ ცოტა რამ იცით HTML და CSS – ვებგვერდების ფორმატირებისა და სტილის ენის შესახებ – თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად დახვეწოთ და გადააკეთოთ თქვენი ბლოგი მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე. თუ ამ უნარ-ჩვევების შეძენაში, თქვენ ცოტა დრო დახარჯავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე ცვლილებების და ბლოგის ოპტიმიზაციას განხორციელებას დაუყოვნებლივ შეძლებთ, ზედმეტი დანახარჯების გარეშე. თქვენს იდეებს თავად შეასრულებთ ტექნიკურად და ამით გახდებით მეტად მოქნილი.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO): Google და სხვა საძიებო სისტემები მუდმივად იხვეწებიან და აუმჯობესებენ თავიანთ უნარს აღიარონ ღირებული შინაარსის მქონე სტატიები და მასალები. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ კონცენტრირდეთ მხოლოდ თქვენი პოსტების ხარისხზე და ამით მიაღწიოთ წარმატებას. მიუხედავად ამისა, SEO მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და არ უნდა უგულებელყოთ წერის დროს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესაძლებლობები. ცუდად ოპტიმიზირებული ბლოგი არის დაკარგული შესაძლებლობა.

სოციალური მედია: იმის გაგება, თუ როგორ გამოიყენოთ სოციალური მედია თქვენს სასარგებლოდ შინაარსის გასავრცელებლად და თქვენს მკითხველებთან კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ეფექტიანობას. ეს არა მხოლოდ გაზრდის თქვენი საიტის ვიზიტორების რიცხვს, არამედ ხელს შეუწყობს მკითხველებთან ურთიერთობის დამყარებას. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ გათვითცნობიერებული, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა სოციალური ქსელი, მიუძღვენით გარკვეული დრო სოციალური ქსელების შესწავლას.

სანაცნობო წრე: თქვენი ბლოგის წარმატება დიდ წილად იქნება დამოკიდებული სხვა ბლოგერებთან, ადამიანებთან, ბიზნესებთან ურთიერთობაზე. იფიქრეთ ეფექტურ გზებზე, რომლითაც შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ბლოგერებს და პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს. ისწავლეთ როგორ დაუკავშიროთ თქვენი საქმიანობა მათ, როგორც ონლაინ სივრცეში ასევე პირადად.

გამოსახულება: სურათები ძლიერი ინსტრუმენტია ბლოგის მწერლისთვის. კარგი ფოტო ეხმარება პოსტებს გამოიყურებოდეს უფრო მიმზიდველად. მაგალითად, თუ თქვენ საჭმელების რეცეპტების ბლოგს მართავთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება მიმზიდველი ფოტოების სტატიაზე დართვა, რადგან ეს მკითხველებს იზიდავს და თქვენი სტატია უფრო კითხვადი გახდება. ასე, რომ ისწავლეთ კარგი ფოტოების გადაღება და მათი დამუშავება შემდეგი გამოყენებისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტში განთავსებული ფოტო რესურსები, მაგალითად UNSPLASH.COM სადაც ბევრი მაღალი ხარისხით გადაღებული ფოტო უფასოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ ფოტოს წყაროს და ავტორის მითითება, რაც მათი მუშაობის დაფასებას ნიშნავს. UNSPLASH.COM-ის გარდა მრავალი საიტია, რომელიც ფასიან ფოტოებსაც სთავაზობს მომხმარებლებს, მაგალითად ერთ-ერთია SHUTTERSTOCK.COM.

ისწავლეთ კეთებით

ბლოგის შექმნით, ყველაფერთან ერთად გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ რაიმე ახალი – ან იმ თემის ირგვლივ რა თემაზეც წერთ, ან თვითონ ბლოგის შექმნის პროცესის შესახებ. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტ სტატიას დაწერთ, მით უფრო დაიხვეწებით. პრაქტიკა უდავოდ გაგიკვალავთ გზას სრულყოფილებისაკენ.

და ბოლოს, ყველაზე საუკეთესო რამ რაც შეგიძლიათ საკუთარ თავს გაუკეთოთ, არის ის რომ გადადგათ ნაბიჯები, დაიწყოთ წერა, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები და შესაძლებლობები თავად მოგაკითხავენ თქვენ.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები