კრიპტოვალუტის პოპულარობამ პიკს 2021 წელს მიაღწია. ბიტკოინმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და მისმა ღირებულებამ 65,000 აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუ 2021 წლის დასაწყისში ერთი ბიტკოინის შეძენას გადაწყვეტდით 30,000 აშშ დოლარზე ნაკლების გადახდა მოგიწევდათ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში ინვესტირებული 1 დოლარი შეგეძლოთ სულ რამდენიმე თვეში 2 დოლარად გექციათ.
ერთ წელზე ნაკლებ ვადაში 100%-იანი ამონაგები კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, მაშინ როდესაც ერთ წლიან დეპოზიტზე განთავსებულ თანხებს კომერციული ბანკები საქართველოში 11%-12% სარგებელს არიცხავენ. ნიშნავს თუ არა 10-ჯერ მეტი მოგება იმას, რომ თქვენი დეპოზიტით კრიპტოვალუტა შეიძინოთ? ამ ყველაფერზე პასუხის გასაცემად საჭიროა კრიპტოვალუტის რისკიანობა შევაფასოთ რასაც მოგვიანებით შევეხებით.
როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წელს ბიტკოინმა და ზოგადად კრიპტოვალუტამ – ღრმად შეაღწია ფინანსურ სერვისებში და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები ბიზნესისა და ფინანსების სხვადასხვა მიმართულებებით. 2021 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ბიტკოინი კრიპტოვალუტების სათავეშია და მისი კაპიტალიზაცია 870 მილიარდი დოლარს შეადგენს. კაპიტალიზაცია გამოითვლება ცირკულაციაში არსებული ბითკოინების რაოდენობის მათ ფასზე გამრავლებით. ანუ, მიმოქცევაშია 18,905,950 ცალი ბითკოინი, ხოლო ერთის ღირებულება 46,000 აშშ დოლარია.
თუ თქვენ ეძებთ ინფორმაციას ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების შესახებ, თქვენ სწორ ადგილას ხართ. ჩვენ მოკლედ მიმოვიხილავთ კრიპტოვალუტის ძირითად საფუძვლებს და გავიგებთ:
- რა არის ბიტკოინი?
- როგორ მოიპოვება?
- რა განსაზღვრავს ღირებულებას?
- როგორ ვიყიდოთ?
- რაში შეიძლება ბიტკოინის გამოყენება?
- არის თუ არა კრიპტოვალუტა ლეგალური?
- რა რისკები ახლავს კრიპტოვალუტას?
- რამდენი კრიპტოვალუტა არსებობს ბიტკოინის გარდა?
სწრაფი ისტორია
სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბიტკოინი 2009 წელს გამოიგონა ადამიანმა (ან ჯგუფმა), რომელიც საკუთარ თავს სატოში ნაკამოტოს უწოდებდა. მისი განცხადებული მიზანი იყო შექმნილიყო “ახალი ელექტრონული ფულადი სისტემა”, რომელიც იქნებოდა სრულიად დეცენტრალიზებული, ანუ ცენტრალური ხელისუფლებებისგან დამოუკიდებელი. კონცეფციისა და ტექნოლოგიის დამუშავების შემდეგ, 2011 წელს, ნაკამოტომ სააშკარაოზე გამოიტანა კოდი და შემდგომ გაუჩინარდა, ისე რომ დღესაც არავინ იცის ფიზიკურად ვინ არის სატოში ნაკამოტო.
რა არის ბიტკოინი?
მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინი ციფრული ვალუტაა. მას არ აქვს მატერიალური სახე, შესაბამისად ვერც შეეხებით და ვერც დაინახავთ. ის არ იბეჭდება, როგორც ტრადიციული კუპიურები ან მონეტები. ბიტკოინი დეცენტრალიზებულია – არ არსებობს ორგანიზაცია, მთავრობა ან სხვა ფინანსური ორგანიზაცია (როგორც ბანკი) რომელიც მას აკონტროლებს. მფლობელების ანონიმურობა დაცულია.
საბანკო ანგარიშების ნომრების, სახელების, საგადასახადო ან სხვა პირადი ინფორმაციის გამოყენების ნაცვლად, ბიტკოინი მყიდველებსა და გამყიდველებს აკავშირებს დაშიფვრის გასაღებების საშუალებით. ბიტკოინს „მოიპოვებენ“ ინტერნეტთან დაკავშირებული მძლავრი კომპიუტერები და შესაბამისად ის არ გაიცემა „ზემოდან ქვემოთ“ პრინციპით, როგორც ტრადიციული ვალუტა.
როგორ მოიპოვება ბიტკოინი?

ფიზიკური პირი ან კომპანია ამუშავებს ბიტკოინს რთული მათემატიკური ალგორითმების ამოხსნით და ჩანაწერების შენახვით. როდესაც ბიტკოინის ერთი მფლობელი მეორეს უგზავნის კრიპტოვალუტას, ქსელი ამ ტრანზაქციას აღრიცხავს „ბლოკში“. კომპიუტერები, ანუ „მაინერები“, რომლებიც მუშაობენ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ამ ტრანზაქციას აღწერენ გიგანტურ ციფრულ დავთარში. ეს ბლოკები ცნობილია, ერთობლივად, როგორც “ბლოკჩეინი”, რაც მარადიული და ღიად ხელმისაწვდომი ჩანაწერების ერთობლიობაა განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ.
სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის და სულ უფრო მძლავრი და ენერგო ინტენსიური ტექნიკის გამოყენებით, მაინერები ამ ბლოკებს გარდაქმნიან კოდის თანმიმდევრობებად, რომლებიც ცნობილია როგორც “ჰეში”. ეს უფრო რთული პროცესია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჰეშის წარმოებას სერიოზული გამოთვლითი ძალა სჭირდება და ასიათასობით მაინერი ერთდროულად არის ჩართული შეჯიბრში. ამ პროცესის გასაგებად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პროცესი სადაც უამრავი შეფ-მზარეული გაშმაგებით იბრძვის ახალი, უკიდურესად რთული კერძის მოსამზადებლად – და მხოლოდ პირველი მიიღებს გასამრჯელოს, ვინც მის სრულყოფილი ვერსიის მომზადებას შეძლებს.
ახლად შექმნილი ჰეში ბლოკჩეინის ბოლოში თავსდება, რომელიც შემდეგ საჯარო ხდება და მრავლდება. მაინერი ერთი ჰეშის შექმნაში 12.5 ბიტკოინს იღებს, რომელიც 2021 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 575,000 აშშ დოლარია. გაითვალისწინეთ, რომ ერთი ჰეშის შექმნის დროს მიღებული ბიტკოინების რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება.
რა განსაზღვრავს ბიტკოინის ღირებულებას?
საბოლოო ჯამში, ბიტკოინის ღირებულება განისაზღვრება იმით, თუ რა ფასის გადახდისთვის არის მზად ხალხი. ამ თვალსაზრისით არსებობს გარკვეული მსგავსება კომპანიების აქციების ფასებთან მიმართებით.
სატოში ნაკამოტოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, მხოლოდ 21 მილიონი ბიტკოინის მოპოვებაა შესაძლებელი. ამ დროისთვის კი თითქმის 19 მილიონია მოპოვებული და მაინინგის ტემპები სულ უფრო და უფრო მცირდება. ასე რომ, სახეზე გვაქვს შეზღუდული მიწოდება, როგორც ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების შემთხვევაში. არსებობს მრავალი მათემატიკური და ეკონომიკური თეორია იმის შესახებ, თუ რატომ შეზღუდა ნაკამოტომ ბიტკოინის რაოდენობა 21 მილიონით.

ბიტკოინს და კორპორაციების აქციებს ერთმანეთისგან განასხვავებს ის, რომ კომპანიის აქციების ფასი, როგორც წესი დაფუძნებულია რეალურ ან პოტენციურ მოგებაზე. ასევე, კომპანიებს შეუძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით გამოუშვან ახალი აქციები, რაც მათი ფასის ზრდას ანელებს. იმ პირობებში, კი როდესაც ცნობილია, რომ ბიტკოინის მთლიანი რაოდენობა 21 მილიონს არ გადააჭარბებს ფასის გაუფასურება რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე არ მოხდება. პირიქით ეს არის ფაქტორი, რომელიც უბიძგებს ადამიანებს შეიძინონ უფრო მაღალ ფასად.
როგორც ცნობილია, რაც უფრო შეზღუდულია სასურველი რესურსი, მით უფრო მაღალია მისი ღირებულება და პირიქით. შესაბამისად, მთავრობებს, რომლებსაც სხვა ტრადიციული ვალუტების შემთხვევაში შეუძლიათ აკონტროლონ მიწოდება, ვერ ექნებათ რაიმე გავლენა ბიტკოინის მიწოდებაზე და შესაბამისად ადამიანები დაცულები იქნებიან ცენტრალური ხელისუფლებების ამგვარი მანიპულაციებიდან.
ბიტკოინმა სატოში ნაკამოტო მრავალგზის მილიარდერი გახადა, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე ის ნამდვილად მილიარდერია. მან ასევე, ტექნოლოგიური სფეროს სხვადასხვა პიონერებს მრავალი მილიონი მოუტანა. Fortune-ის თანახმად, ტყუპ ძმებ Winklevoss-ებს, რომლებსაც Facebook-მა 2008 წელს 65 მილიონი დოლარი გადაუხადა და რომლებმაც ადრეული ინვესტიციები განახორციელეს ბიტკოინში, ახლა უკვე ცნობილი მილიარდერები არიან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სანამ სხვა ინვესტორებს მიბაძავთ და კრიპტოვალუტაში ინვესტიციებს განახორციელებთ 100 ჯერ უნდა დაფიქრდეთ. ამ სფეროში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანების უმეტესობა კრიპტოვალუტის დამწყებ ინვესტორებს მოუწოდებს, რომ ბიტკოინი ან სხვა კრიპტოვალუტა შეიძინონ ისეთი ფულით, რომლის დაკარგვაც მათ მძიმე ფინანსურ ზიანს არ მიაყენებს. არ არის რეკომენდებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის აღება და ამ თანხებით კრიპტოვალუტის ყიდვა, რადგან შესაძლოა ყველაფერი რამდენიმე დღეში დაკარგოთ.
როგორ ვიყიდო ბიტკოინი?
დღეს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან მსოფლიოში ყოველთვიურად იზრდება ციფრული ვალუტის ბირჟების რაოდენობა, რომლებიც ამ მომსახურებას გთავაზობენ. ასეთები არიან: Coinbase, FTX, Binance და ა.შ. აღნიშნულ ციფრულ ბირჟებზე თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ ან შეინახოთ კრიპტოვალუტა.
ციფრულ ბირჟაზე დარეგისტრირება ისეთივე მარტივია, როგორც ახალი ელ. ფოსტის შექმნა, ხოლო ტრანზაქციის განხორციელებისთვის დაგჭირდებათ ციფრულ საფულეზე რეალური ფული გადარიცხოთ, რაც ასევე უმარტივესი პროცედურაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი პლატფორმა მნიშვნელოვნად მაღალ საკომისიოს ითხოვს ტრანზაქციების განსახორციელებლად. აღნიშნულმა, კი შეიძლება თქვენი საინვესტიციო ბალანსი მნიშვნელოვნად შეამციროს, მაშინ როდესაც თქვენ ხშირ ოპერაციებს განახორციელებთ. ამიტომ, ყიდვამდე ყურადღებით უნდა წაიკითხოთ წესები, იმაში დასარწმუნებლად, რომ კარგად გესმით მომსახურების პირობები.
რაში შემიძლია გამოვიყენო ბიტკოინი?

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც შეგიძლიათ ბიტკოინის დახარჯვა, ბევრი ადამიანი ბიტკოინს ჯერ-ჯერობით განიხილავს, როგორც უბრალოდ მოკლევადიან ან გრძელვადიან ინვესტიციას. ბიტკოინის ფასის არასტაბილურობით გამოირჩევა რაც ართულებს მის გამოყენებას, როგორც გადახდის ყოველდღიური საშუალება.
არის თუ არა კრიპტოვალუტა ლეგალური?
ამ კითხვაზე მოკლე პასუხი არის: გააჩნია სად.
კრიპტოვალუტა ზოგიერთ ქვეყანაში ლეგალურია, ზოგიერთ ქვეყანაში მათი მოპოვება და გამოყენება როგორც გაცვლის საშუალება აკრძალულია, ხოლო რამდენიმე ქვეყანაში არაპირდაპირ არის აკრძალული. კრიპტოვალუტა ლეგალურია, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ესპანეთი და ა.შ. ამასთანავე, ბუნებრივია, როგორც ნებისმიერი ტრადიციული ვალუტის შემთხვევაში, არავის აქვს უფლება ბიტკოინით აწარმოოს უკანონო საქმიანობა.
რაც შეეხება შეზღუდვებს, სრულად აკრძალულია: ჩინეთში, ეგვიპტეში, მაროკოში, ნეპალში, ტუნისში და ა.შ.
ბიტკოინი აშშ-ში დიდწილად გაურბოდა რეგულირებას, თუმცა ის გაძლიერებული ყურადღების ქვეშ არის, რადგან ინსტიტუციური ინვესტორების მთავარ ყურადღებას იპყრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა ლეგალურია, ინდუსტრიის მრავალი ასპექტი, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცეს, ინვესტორებს აფრთხობს.
რა რისკები ახლავს კრიპტოვალუტას?
იურიდიული და მარეგულირებელი საფრთხეების გარდა, როგორც ინვესტიცია და ვალუტა, ბიტკოინი ძალიან სარისკოა. დილით, გაღვიძებისას, ზუსტად იცი, რამდენ დოლარად შეძლებ არსებული კრიპტოვალუტის გაყიდვას, თუმცა დღის ბოლოს, ან თუნდაც რამდენიმე საათში შეიძლება სიტუაცია დრამატულად შეიცვალოს.
ძალიან რთულია, თუმცა ალბათ არა შეუძლებელი, ბიტკოინის ტრანზაქციების განმახორციელებელი პირების მიკვლევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაცულია და დაფარულია საჯარო და პირადი დაშიფვრის გასაღებების გამოყენებით. დაფარული ტრანზაქციების განხორციელება შეიძლება იყოს მიმზიდველი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომპანიები და მარკეტოლოგები სულ უფრო მეტად ადევნებენ თვალყურს ჩვენს ყველა შესყიდვას, მაგრამ მას ასევე აქვს ნაკლოვანებები. ვერასოდეს იქნები დარწმუნებული, ვინ მოგყიდა ბიტკოინი ან შენგან ვინ შეიძინა ისინი. ამასთანავე, შესაძლოა კრიპტოვალუტა გამოყენებული იყოს როგორც ფულის გათეთრების საშუალება.
რაც შეეხება, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკს ეს არის – ქურდობა. თუ მესამე პირებმა მოახერხეს და შეაღწიეს თქვენს ელექტრონულ საფულეში ანგარიშს ისე გაანულებენ მის გზა-კვალს ვერასდროს გაიგებთ. როგორც კი ტრანზაქცია მოხვდება ბლოკჩეინში, ის საბოლოოა და დაბრუნებას ან აღდგენას აღარ ექვემდებარება.
რამდენი კრიპტოვალუტა არსებობს ბიტკოინის გარდა?
კრიპტოვალუტის შექმნა დღეს პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს. საჭიროა გამოცდილი პროგრამისტების ჯგუფი და კარგი რეკლამირება, რომ თქვენ შეძლოთ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნა. ყველაზე მთავარი არის მაინც ის თუ რა ნდობას მოიპოვებს შექმნილი ციფრული ვალუტა საზოგადოებაში და რამდენი ინვესტორი შეიძენს. თუ თქვენ შეძლებთ ფართო მასების დაინტერესებას შედეგიც არ დააყოვნებს და თქვენი პირადი საფულე რამდენიმე მილიარდითაც კი შეიძლება შეივსოს.
დღევანდელი მდგომარეობით ბიტკოინის გარდა ათასობით კრიპტოვალუტა არსებობს. ზოგიერთი მათგანი უკვე წარსულს ჩაბარდა, ხოლო ზოგიერთს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, არავინ იცის რეალურად რომელი კრიპტოვალუტა გადარჩება და რომელი გახდება ისტორიის საკუთრება.



