ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი უდავოდ ყველაზე დიდი ტურნირია, რასაც 4 წლის განმავლობაში მოუთმენლად ელოდებიან. 2022 წელი ჩემპიონატის წელია, შესაბამისად ყველას ყურადღება კატარისკენ იქნება მიმართული.
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბევრი რამით არის გამორჩეული:
პირველი განმასხვავებელი ფაქტი
ის პირველად ტარდება შუა აღმოსავლეთის ქვეყანაში, ხოლო მეორედ მთლიანად აზიის რეგიონში. პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი რომლის ყველა მატჩი აზიაში ჩატარდა ეს იყო 2002 წლის სამხრეთ კორეა – იაპონიის ტურნირი.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ტურნირები ჩატარდა შემდეგ ქვეყნებში: იტალია (2), ბრაზილია (2), გერმანია (2), საფრანგეთი (2), მექსიკა (2), სამხრეთ აფრიკა (1), სამხრეთ კორეა და იაპონია (1), აშშ (1), ესპანეთი (1), არგენტინა (1), ინგლისი (1), ჩილე (1), შვედეთი (1), შვეიცარია (1), ურუგვაი (1) და რუსეთი (1).
მეორე განმასხვავებელი ფაქტი
კატარის მსოფლიოს ჩემპიონატს ისიც გამოარჩევს, რომ ბოლო ჩემპიონატი იქნება 32 გუნდის მონაწილეობით, რადგან FIFA შემდეგ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც სამ ქვეყანაში, აშშ-ში მექსიკასა და კანადაში ჩატარდება, ეროვნული გუნდების 48-მდე გაზრდას გეგმავს.
მესამე განმასხვავებელი ფაქტი
ამასთანავე, ზაფხულის ნაცვლად ტურნირი შემოდგომაზე დაიწყება და ზამთარში დასრულდება. ეს იქნება პირველი ჩემპიონატი, რომელიც მაისში, ივნისსა და ივლისში არ გაიმართება.
FIFA-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ კატარში ზაფხულში გაუსაძლისი სიცხეებია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა, როგორც წესი, ივნისსა და ივლისში 40 გრადუსს აღემატება. ნოემბერსა და დეკემბერში კი ტემპერატურა 24-29 გრადუსს არ აჭარბებს.
მეოთხე განმასხვავებელი ფაქტი
კატარი ყველაზე პატარა ქვეყანაა იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. კატარის ფართობი 11,500 კვადრატული კილომეტრია. ყველაზე დიდი ქვეყანა რომელმაც ამ დრომდე მუნდიალს უმასპინძლა რუსეთია, 17,130,000 კვადრატულ კილომეტრი ფართობით. რუსეთი კატარზე დაახლოებით 1,500 ჯერ დიდია.
"კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი აქამდე ჩატარებულ ჩემპიონატებს შორის საუკეთესო იქნება." - FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო

გახსნითი და ფინალური მატჩები
პირველი მატჩი 21 ნოემბერს, ორშაბათს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება. დასაქმებული ადამიანებისთვის ეს სახარბიელო დროა ნამდვილად არ არის რადგან სამუშაო საათებს ემთხვევა. შეხვედრა ალ ბაიტის სტადიონზე ჩატარდება და მას 60,000 გულშემატკივარი დაესწრება.
ფინალი, გახსნიდან 27 დღის შემდეგ, 18 დეკემბერს უდიდეს ლუსაილის სტადიონზე გაიმართება. სტადიონი 80,000 გულშემატკივარს იტევს.
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის სხვა ფაქტები
- კატარში მოხვედრისთვის 210 გუნდი იბრძოდა;
- ადგილი ფინალურ ეტაპზე ჯერჯერობით 13 გუნდს აქვს განაღდებული. მათ შორის არიან: საფრანგეთი, გერმანია, ბრაზილია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი, ჰოლანდია, არგენტინა;
- ამ დრომდე 766 შესარჩევი მატჩი გაიმართა;
- გატანილია 2,200 გოლი;
- საუკეთესო ბომბარდირი საკვალიფიკაციო ეტაპზე არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდამსხმელი ალი მაბხუტია. ის 14 გატანილი გოლით ლიდერობს;
- მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებია.
ეკო-მეგობრული ტურნირი
ტურნირი ჩატარდება 8 ახლად აშენებულ სტადიონზე რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობენ. ყველა სტადიონი 75 კილომეტრის რადიუსშია, შესაბამისად ფეხბურთელებისა და მაყურებლებისთვის არ გახდება საჭირო ბევრი მოგზაურობა და შიდა ფრენები. სწორედ ამ მიზეზის გამო ეს ტურნირი ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

კატარის მთავრობამ სტადიონებს შორის მეტროს ხაზები გაიყვანა, რაც გადაადგილებას უფრო მოხერხებულს გახდის. მეტროები აღჭურვილი იქნება კონდიცირების სისტემით, შესაბამისად არავის უნდა აღელვებდეს კატარისთვის დამახასიათებელი შემაწუხებელი სიცხე. ტურნირის განმავლობაში მეტრო 1 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება.
ტურნირის გეოგრაფია
კატარის მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე კომპაქტური იქნება რადგან მცირე ტერიტორია 32 გუნდს და მათ გულშემატკივრებს დაიტევს. ამ დრომდე ყველაზე დიდი ქვეყნები ფართობის მიხედვით სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარებულა არიან რუსეთი, ბრაზილია და აშშ.
აღსანიშნავია, რომ ყველასგან განსხვავებული გეოგრაფიული თავისებურებები ახასიათებდა ჩილეში 1962 წელს ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატს, რადგან ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრები და ფორმა უნიკალურია. ქვეყანას მოგრძო ფორმა აქვს. მისი სიგანე საშუალოდ 177 კილომეტრია ხოლო სიგრძე 4,270 კმ. ჩილეს სიგრძის უკეთესად აღქმისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4,270 კილომეტრი ეს არის მანძილი ბერლინიდან ნიგერიამდე. ასევე დაახლოებით ეს მანძილია თბილისიდან მადრიდამდე. შესაბამისად ჩილეს ჩემპიონატის დროს ფეხბურთელებს და მაყურებლებს ყველაზე მეტი მოგზაურობა უწევდათ ქვეყნის ტერიტორიაზე.

აფრიკის რუკაზე ქვეყნის სიგრძის უკეთესად აღქმისთვის.
რამდენიმე ფაქტი კატარის შესახებ
- მოსახლეობა – 2.6 მილიონი;
- ფართობი – 11,500 კმ2 (საქართველოზე 6 ჯერ პატარა);
- დედაქალაქი – დოჰა;
- დედაქალაქის მოსახლეობა – 2.0 მილიონი;
- ნაციონალური დღესასწაული კატარის 1878 წლის გაერთიანების აღსანიშნავად – 18 დეკემბერი;
- ქვეყნის წლიური ბიუჯეტი – 95 მილიარდი დოლარი (საქართველოზე 19 ჯერ მეტი);
- მთლიანი შიდა პროდუქტი – 206 მილიარდი აშშ დოლარი (საქართველოზე 13 ჯერ მეტი);
- მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე – 62,088 აშშ დოლარი. ამ მონაცემით ის მსოფლიოს მდიდარ ქვეყანათა ათეულში შედის, ხოლო საქართველოს იგივე მაჩვენებელი 15 ჯერ ნაკლებია;
- უმუშევრობის მაჩვენებელი – 0.6% (პრაქტიკულად უმუშევრობა ქვეყანაში არ არსებობს);
- ძირითადი შემოსავალი – თხევადი ბუნებრივი გაზი, ნედლი ნავთობი, სხვადასხვა ნავთობპროდუქტები, ცემენტი, არმატურული ფოლადი.



