კომპანიის სიდიდეზე წარმოდგენის შესაქმნელად უნდა აღვნიშნოთ, რომ APPLE კაპიტალიზაციით უფრო დიდი კომპანიაა ვიდრე, Coca-Cola, Mc Donald’s, Disney, Boeing, IBM, Walmart, Netflix, Nike, Exxon Mobile, Comcast, Morgan Stanley, AT&T, Goldman Sachs და FORD ერთად აღებული.
კაპიტალიზაცია ნიშნავს, კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების მათსავე ფასზე ნამრავლს, ანუ რამდენია კომპანიის ყველა აქციის ჯამური საბაზრო ფასი. რა თქმა უნდა, აქციის ფასის მატება ზრდის კაპიტალიზაციას და პირიქით. დადებითი სიახლეები კორპორაციების შესახებ მყისიერად ზრდის ხოლმე მათ ფასებს, რადგან ამ დროს აქციების შესყიდვაზე მოთხოვნა იზრდება.
2022 წლის 3 იანვარს კომპანიის ერთი აქციის ფასმა 182 დოლარი შეადგინა, რაც წინა სავაჭრო დღის ფასთან შედარებით 5.66% ზრდას ნიშნავდა. ამ ნიშნულით კომპანიის მთლიანმა კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
APPLE პირველი კომპანია გახდა მსოფლიოში რომელმაც კაპიტალიზაციით 3 ტრილიონ დოლარიანი ნიშნული გადალახა. შეგახსენებთ, რომ APPLE 1976 წელს კალიფორნიაში დაფუძნდა.
ძალიან შთამბეჭდავი იყო APPLE-ის გზა 1 ტრილიონის, 2 ტრილიონის და 3 ტრილიონის ნიშნულის გადალახვამდე. კომპანიის ღირებულებამ ერთ ტრილიონ დოლარს 2018 წლის აგვისტოში მიაღწია, ეს იყო პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც ტრილიონის ღირებულება დააგროვა. ამისთვის კომპანიას დაარსებიდან 42 წელი დასჭირდა.
ტრილიონის გადალახვიდან APPLE-მა კომპანიის ღირებულების გაორმაგება ორ წელიწადში, 2020 წელს შეძლო, ხოლო კიდევ ერთი ტრილიონი 16 თვეში დაამატა.
რამდენია სამი ტრილიონი დოლარი?
დღეისათვის სამი ტრილიონი დოლარი მეტია ვიდრე:
- ყველა კრიპტოვალუტის ჯამი, ან
- ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, ან
- საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, ან
- რუსეთის და ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტების ჯამი, ან
- ჰოლანდიის, შვეიცარიის, თურქეთის, ირლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტების ჯამი, ან
- საქართველოს 170 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამი.



