Playstation-ის სლოგანია Play Has No Limits, თუმცა მსოფლიოში შექმნილი PS5-ის დეფიციტის გამო დროებით ეს სლოგანი დაივიწყეთ.
ტოკიოში დაფუძნებული გასართობი გიგანტი SONY, მიზნად ისახავდა წელიწადში 16 მილიონზე მეტი კონსოლის წარმოებას და რეალიზაციას, თუმცა კომპანიამ გეგმა დაახლოებით 3 მილიონი ერთეულით შეამცირა. სონის ფინანსური დირექტორის განცხადებით, წარმოების პროცესს ხელს უშლის ლოგისტიკური საკითხები და საწარმოო ნაწილების დეფიციტი. პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს თუ Covid-19-ის შემთხვევები მოიმატებს.

PlayStation 5 კონსოლი, სონის ისტორიაში, გაყიდვების სიჩქარით, პირველ ადგილს იკავებდა. სონის კონსოლებიდან PS5-მა ყველაზე სწრაფად გადააჭარბა 10 მილიონიანი რეალიზაციის ნიშნულს, თუმცა წარმოებაში შექმნილი პრობლემების გამო ახლა PS4-ის გაყიდვების ტემპს ჩამორჩება. PS5 ბაზარზე ერთი წელია გამოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით კონსოლი უკვე გაიყიდა, ყიდვის მსურველი მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრია.
წარმოების პროცესი პანდემიამ და განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების არათანაბარმა განაწილებამაც შეასუსტა. ამ ქვეყნებში სონის მომწოდებლებს საწარმოო ბაზები აქვთ განთავსებული. კომპიუტერის დეტალების მწარმოებლები ვეღარ ახერხებენ სამუშაოს შესრულებას ადრინდელი სიჩქარით და შესაბამისად ჩიპების და სხვა ნაწილების მიწოდება არაპროგნოზირებადი გახდა.
Toshiba სონისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი კომპანიაა და მისი მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ ძველებურ წარმოების ტემპებს 2022 წელსაც ვერ დაეწევიან.
აღსანიშნავია, რომ წარმოების პრობლემა მხოლოდ სონისთვის არ არის აქტუალური. მსგავსი პრობლემის გადაჭრას ცდილობს ასევე Nintendo, რომელმაც 2021 წლის ბოლოს Switch-ის კონსოლების გაყიდვის პროგნოზი 1.5 მილიონი ერთეულით შეამცირა.



