4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

ოქროს ფასი ახალი რეკორდის დამყარებასთან ახლოს არის

7 მარტს ერთი უნცია ოქროს ფასი 2,000 დოლარიან ნიშნულს გადასცდა. შეგახსენებთ, რომ ერთი უნცია 28.35 გრამია, შესაბამისად 1 გრამი ოქროს ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 70 დოლარს აჭარბებს. საქართველოში დღეს მოქმედი აშშ დოლართან გაცვლითი ეროვნული კურსით (3.3991) 1 გრამი ოქროს ფასი 238 ლარს აღწევს.

2,000 დოლარიანი ნიშნული, ძვირფასმა მეტალმა, ბოლო წლინახევრის განმავლობაში პირველად გადალახა. 2020 წლის აგვისტოში ოქროს ფასი 2075 დოლარი იყო, რაც ისტორიულ მაქსიმუმად ითვლება.

რამ გამოიწვია ოქროს ფასის ზრდა

ოქროს გაძვირება პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთ-უკრაინის ომთან, რადგან გაიზარდა ინვესტორების ინტერესი და მოთხოვნა. ისინი ოქროს უფრო საიმედო ინვესტიციად მიიჩნევენ, ვიდრე იმ კომპანიების აქციებს თუ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს რომლებსაც საომარი მოქმედებების და დაწესებული სანქციების გამო შემოსავლები და მოგება შეუმცირდათ.

როგორც მოგეხსენებათ, უამრავმა კომპანიამ რუსეთის ბაზართან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეწყვიტა. ზოგიერთმა კომპანიამ ომის საწინააღმდეგოდ დააწესა სანქციები, ხოლო ზოგი იძულებული გახდა შეეზღუდა ოპერაციები საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების თუ წარმოებაში შექმნილი სირთულეების გამო.

ინვესტორები ძვირფას ლითონს ყიდულობენ, რადგან ფიქრობენ, რომ მიმდინარე კრიზისი გაუარესდება და დროში გახანგრძლივდება. ოქრო ხშირად განიხილება, როგორც უსაფრთხო „თავშესაფარი“ ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობის დროს, რადგან როგორც წესი ის ღირებულებას კრიზისის დროს ინარჩუნებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, უკრაინაში ეგრეთ წოდებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ აქციებსა და ობლიგაციებზე (სასესხო ინსტრუმენტი) ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს, რამაც ფასების შემცირება გამოიწვია, ხოლო ნავთობსა და ოქროზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

ომის გამოცხადების დღეს, მსოფლიოში ნომერ პირველი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასიც 39,000-დან 35,000 დოლარამდე შემცირდა, რაც 10%-იან გაუფასურებას ნიშნავს.

ოქროს ფასის სამომავლო პროგნოზი

უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების პარალელურად სავარაუდოა, რომ ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ინვესტორები გააგრძელებენ ოქროს ყიდვას, რადგან ომს დასასრული ჯერ არ უჩანს. მათი პროგნოზით ერთი უნცია ოქროს ფასი 2,150 აშშ დოლარს მიაღწევს. ექსპერტთა შეფასების მიხედვით, ერთი გრამი ოქროს ფასი ლარებში, დღეს არსებული კურსით, 260 ლარამდე გაიზრდება.

ოქროს მიმდინარე ფასი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: Bloomberg

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები