2.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

უდიდესი აუდიტორული კომპანიები რუსეთის ქსელთან ურთიერთობას წყვეტენ

უმსხვილესი აუდიტორული კომპანიები: EY, Deloitte, KPMG და PWC რომლებიც „დიდი ოთხეულის“ სახელით არიან ცნობილნი რუსეთისათვის და ბელორუსიისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდებიან.

ადგილობრივი აუდიტორებისგან იურიდიულად გამოყოფის პროცედურები დაწყებულია, რის შემდეგაც ისინი ვეღარ შეძლებენ საერთაშორისო კომპანიების სახელის გამოყენებას, რაც KPMG-მ და PwC-მ უკვე დაადასტურეს.

რუსეთსა და ბელორუსიაში EY-ის დაახლოებით 4,700 თანამშრომელი და პარტნიორი ჰყავს, KPMG-ს 4,500, PwC-ს 3,700, ხოლო Deloitte-ს 3,000.

ბევრი საერთაშორისო კომპანია საგონებელში ჩავარდა თუ როგორ უპასუხონ ამ უდიდეს გამოწვევას, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, აშშ-მ და სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა, რუსეთის და ბელორუსიის ეკონომიკას, უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. ქვეყნები საკუთარ ბიზნესებს არ აიძულებენ, რომ შეუერთდნენ სანქციებს, თუმცა კომპანიები ინდივიდუალურად აფასებენ შექმნილ სიტუაციას და ფინანსური და რეპუტაციული რისკების საპასუხოდ იღებენ ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქციადადებული კომპანიების, მათ შორის Sberbank-ის, Gazprombank-ის და VTB-ის მომსახურება შესაძლოა უკანონოდ ჩაითვალოს.

მომსახურების სფეროში, უდიდესი საერთაშორისო კომპანიები, რუსული ბიზნესის მსხვილ წარმომადგენლებს სთავაზობდნენ აუდიტორულ, ბუღალტრულ, საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებს რაც დღეს დიდწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

საკონსულტაციო კომპანია Accenture-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთში ოფისს დახურავს, ხოლო McKinsey-ს და Boston Consulting Group-ის ცნობით ისინი რუსულ კომპანიებს აღარ მოემსახურებიან.

7 მარტს გავრცელდა EY-ის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო: „რუსეთის შეჭრა უკრაინაში შოკისმომგვრელი და საზიზღარი ქმედებაა. EY ბიზნესს გამიჯნავს რუსეთში არსებული აუდიტორული კომპანიებისგან. ამავდროულად არ მოვემსახურებით რუსეთის სახელისუფლებო კლიენტებს, სახელმწიფო საწარმოებს ან სანქცირებულ სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს არც ერთ სხვა ქვეყანაში“.

„ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ეს გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენ გვყავს 4,700-ზე მეტი კოლეგა რუსეთში, რომლებიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი გლობალური ქსელის ნაწილი იყვნენ“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა ასევე Deloitte-მა: ”რუსეთსა და ბელორუსიაში გავემიჯნებით ჩვენი ქსელის წევრ კომპანიებს. Deloitte აღარ იმუშავებს რუსეთსა და ბელორუსიაში”.

PwC-ს წარმომადგენელმა კი თქვა: „რუსეთის მთავრობის უკრაინაში შეჭრის შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ გარემოებებში PwC-ს არ უნდა ჰყავდეს წევრი ფირმა რუსეთში და შესაბამისად, PwC Russia დატოვებს ქსელს“.

რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: სანქციები

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები