მაკდონალდსმა გადაწყვიტა რუსეთში დროებით ყველა რესტორანი დახუროს. აღნიშნულ ბაზარზე კომპანია 30 წელზე მეტია საქმიანობს და 850 რესტორანს ფლობს.
”გადავწყვიტეთ დროებით დავხუროთ ყველა ჩვენი რესტორანი რუსეთში და შევაჩეროთ ყველა ოპერაცია ბაზარზე”, – თქვა თავის განცხადებაში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის კემპჩინსკიმ.
მან ასევე დასძინა, რომ კომპანიის ღირებულებების გათვალისწინებით არ შეუძლიათ უგულებელყონ ადამიანური ტანჯვა, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში.
გლობალურად მაკდონალდს ფრანჩიზის მფლობელი ოპერატორები მართავენ, თუმცა რუსეთში რესტორნების 84%-ს კომპანია თვითონ კომპანია მართავს. მათი 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში კომპანიის მიერ მართული და უკრაინაში არსებული 108 რესტორნის ჯამური შემოსავალი მთლიანი გაყიდვების 9%-ს შეადგენს. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთლიანი გაყიდვები დაახლოებით 9%-ით შემცირდება, რაც უარყოფითად აისახება აქციონერთა კაპიტალზე.
“რუსეთში ჩვენ დასაქმებული გვყავს 62,000 ადამიანი, რომლებმაც თავიანთი გული და სული ჩადეს მაკდონალდსის ბრენდში, რათა ემსახურონ თავიანთ საზოგადოებას. ჩვენ ვმუშაობთ ასობით ადგილობრივ, რუს მომწოდებლებთან და პარტნიორებთან, რომლებიც აწარმოებენ საკვებს ჩვენი მენიუსთვის და მხარს უჭერენ ჩვენს ბრენდს”, – თქვა კემპჩინსკიმ.
McDonald’s ყოველდღიურად მილიონობით რუს მომხმარებელს ემსახურებოდა, ასევე საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ასობით ადგილობრივ მომწოდებელთან.
აღსანიშნავია, რომ McDonald’s რუსეთში საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს მაინც გადაუხდის, თუმცა კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს და შემდეგ გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად მიიღებენ.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების განახლებადი ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: სანქციები და შეზღუდვები.



