თეთრ სახლში აპირებენ, მიმართონ კონგრესს, ბიუჯეტის შევსებისთვის, ეგრეთწოდებული მდიდრების გადასახადის დაწესების წინადადებით. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ამერიკული ოჯახები, რომელთა ჯამური ქონება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს დაიბეგრებიან წლიურად მიღებული შემოსავლის მინიმუმ 20%-ის ოდენობით. ყველასათვის მოულოდნელად, კი მიღებულ შემოსავალში ჩაითვლება ლიკვიდურ აქტივებთან დაკავშირებული არარეალიზებული მოგებაც.
რას ნიშნავს არარეალიზებული მოგება
თუ მოქალაქე იყიდის კომპანიის 1 აქციას წლის დასაწყისში 100 აშშ დოლარად, რომლის ღირებულება წლის ბოლომდე გაიზრდება 120 აშშ დოლარამდე, ამ აქციის გაყიდვამდე -არარეალიზებული მოგება 20 აშშ დოლარი იქნება. რადგან აქციების ფასები მუდმივად ცვალებადია, არარეალიზებული მოგებაც მუდმივად იცვლება. ზუსტი მოგების გაანგარიშება შესაძლებელი ხდება მხოლოდ აქტივის გაყიდვის შემდეგ (რეალიზებული მოგება).
დღეს მსგავსი ლიკვიდური აქტივები იბეგრება მაშინ როდესაც აქტივის მფლობელი რეალიზებულ მოგებას მიიღებს.
რას ემსახურება ახალი გადასახადი
ახალი გადასახადი მიზნად ისახავს პრეზიდენტ ბაიდენის შიდა დღის წესრიგის გამოცოცხლებას და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას.
პრეზიდენტმა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგა, მას შემდეგ რაც ის და მისი პარტიელები საპრეზიდენტო არჩევნების დროს მხარს უჭერდნენ, ეგრეთწოდებულ “მდიდრების გადასახადის” დაწესებას.
ბაიდენმა თავი აარიდა საერთო საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ზრდას, რის ნაცვლადაც აპირებს დააწესოს უფრო მაღალი გადასახადები კაპიტალურ მოგებასა (აქტივის ფასის ნამატი მისი შეძენის შემდეგ) და ქონებაზე.
ვის დააწვება ახალი საგადასახადო ტვირთი
„მილიარდერების მინიმალური საშემოსავლო გადასახადი“ გავრცელდება მხოლოდ ამერიკული ოჯახების 0.01%-ზე. ახალი გადასახადის ნახევარზე მეტს კი გადაიხდიან ის ოჯახები, რომელთა მთლიანი ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ისინი, ვინც უკვე იხდიან 20 პროცენტზე მეტს, არ ექნებათ რაიმე დამატებით გადასახდელი, თუმცა მათ, ვინც 20 პროცენტზე ნაკლებს იხდის მოუწევთ გადაიხადონ სხვაობა მათ მიმდინარე გადასახადსა და ახალ 20 პროცენტს შორის.
ახალი საგადასახადო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები საბიუჯეტო დეფიციტს მომავალი 10 წლის განმავლობაში 1 ტრილიონი აშშ დოლარით შეამცირებს.
სირთულეები და მოსაზრებები ახალ გადასახადზე
საუბრები სიმდიდრის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააქტიურდა. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ დემოკრატებმა დააფინანსონ თავიანთი ფართო კლიმატური და სოციალური პოლიტიკის დღის წესრიგი.
სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელი ჯანეტ ელენი გასულ წელს ამბობდა, რომ მდიდრების გადასახადის დაწესება ადმინისტრირების თვალსაზრისით ურთულესი იქნება. გაურკვეველია თუ როგორ მოხდება სიმდიდრის დაანგარიშება, განსაკუთრებით არარეალიზებულ მოგებაზე.
ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რომლებიც ამბობენ რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში იყოს. ყველას ის დარჩენია, რომ კონგრესის გადაწყვეტილებას დაელოდოს.



