4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

რა თარიღს დაამთხვია ჯეფ ბეზოსმა პირველი კომერციული ფრენა კოსმოსში

2021 წლის ივლისში, ჯეფ ბეზოსი გახდა მეორე მილიარდერი, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა.

Amazon-ის დამფუძნებელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა, ეკიპაჟის სამ წევრთან ერთად, შეძლო კოსმოსში მოგზაურობა, კომპანია Blue Origin-ის მიერ შექმნილი ხომალდით – New Shepard.

ფრენა სულ 11 წუთი გაგრძელდა. ბეზოსის გარდა, ამ ისტორიული ფრენის ეკიპაჟის წევრები იყვნენ მისი ძმა მარკ ბეზოსი, 82 წლის ქალი ავიატორი უოლი ფანკი და 18 წლის ოლივერ დაიმენი, ფიზიკის სტუდენტი. უოლი ფანკი ყველაზე ასაკიანი, ხოლო დაიმენი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, მათ შორის ვისაც ამ დრომდე კოსმოსში უმოგზაურია.

Blue Origin-ის ხომალდ New Shepard-ს ეკიპაჟის წევრები. ფოტო: BBC

დაიმენის კოსმოსში მოგზაურობის საფასური გადაუხადა მამამ, რომელიც Somerset Capital Partners-ის აღმასრულებელი დირექტორია. აღსანიშნავია, რომ კოსმოსში მოგზაურობისთვის მისი ეკიპაჟის წევრად ჩართვა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ რაც აუქციონში გამარჯვებულმა ერთ-ერთმა მოგზაურობის პრეტენდენტმა, რომელსაც 28 მილიონი აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, უარი განაცხადა პირველ ფრენაში მონაწილეობის მიღებაზე დაკავებული გრაფიკის გამო.

ეკიპაჟმა ფრენა სპეციალურ თარიღს დაამთხვია

კოსმოსური ხომალდი აფრინდა ტეხასის შტატის ქალაქ ვან ჰორნიდან 20 ივლისს დილის 9 საათზე. ჯეფ ბეზოსმა, მოგზაურობის თარიღი სპეციალურად დაამთხვია 1969 წლის მთვარეზე მოგზაურობის თარიღს, როდესც ნილ არმსტრონგმა, კაცობრიობის ისტორიაში, პირველად დადგა ფეხი მთვარის ზედაპირზე.

ნილ არმსტრონგი მთვარეზე, 1969 წელი. ფოტო: Inc. Magazine

რიჩარდ ბრენსონის რეკორდი წარსულს ჩაბარდა

რიჩარდ ბრენსონმა, რომელიც Virgin Galactic-ის დამფუძნებელია, ამავე თვეში, 11 ივლისს, განახორციელა მსგავსი ფრენა კოსმოსში, თუმცა ის დედამიწის ზედაპირს დაშორდა  80 კილომეტრით, ხოლო ჯეფ ბეზოსის ეკიპაჟი კოსმოსში დაახლოვებით 100 კილომეტრი იმოგზაურა. შესაბამისად, 9 დღის წინ დამყარებული რეკორდი მალევე დაემხო. აღნიშნული ფაქტი ჯეფ ბეზოსის მიერ 2000 წელს დაფუძნებულ კომპანიას აძლევს საშუალებას განაცხადოს, რომ ამ დროისთვის ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც 100 კილომეტრის სიმაღლეზე განახორციელა კომერციული ფრენა კოსმოსში.

Blue Origin vs. Virgin Galactic

სიმაღლის გარდა, New Shepard-ის და ბრენსონის 11 ივლისის ფრენა კიდევ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან სხვა მახასიათებლებით: Virgin Galactic-ის შემთხვევაში კოსმოსში სამოგზაურო ხომალდი 15 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანა სპეციალურმა ავიამზიდმა და ამ სიმაღლიდან გაუშვა, რის შემდეგაც ხომალდმა ჩართო ძრავები და 90 წამის განმავლობაში დაახლოვებით 4000 კილომეტრი საათი სიჩქარით გადაადგილდებოდა კოსმოსის სიღრმეებისკენ. როდესაც მიაღწია 80 კილომეტრს, სადაც ჰაერის ფერი შავი ხდება და დედამიწა ხელისგულივით ჩანს, ხომალდმა დაშვება დაიწყო. ეკიპაჟის 3 წევრს და პილოტებს 3 წუთის განმავლობაში ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ უწონობა ეგრძოთ.

Virgin Galactic-ის ხომალდის გაშვება 15 კილომეტრის სიმაღლიდან. ფოტო: BBC

რაც შეეხება ჯეფ ბეზოსის, New Shepard-ის 18 მეტრიანი ხომალდის მოგზაურობას, მისი გაშვება მოხდა დედამიწაზე არსებული სპეციალურად მოწყობილი მოედნიდან, ისე როგორც აქამდეც ხშირად გვინახავს NASA-ს მიერ გაშვებული რაკეტები.

New Shepard-ის კაფსულა დედამიწაზე დაბრუნდა სამი პარაშუტის მეშვეობით, და ისე დაეშვა დედამიწაზე, რომ მისი გამოყენება სამომავლო მოგზაურობებისთვისაც იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ მეთოდს იყენებდა NASA კოსმოსური ფრენების განსახორციელებლად 1960-70-იან წლებში.

New Shepard, ატარებს ალან შეპარდის სახელს, რომელიც 1961 წელს გახდა პირველი ამერიკელი, რომელიც კოსმოსში გავიდა.

ელონ მასკი

SpaceX-ის დამფუძნებელს ელონ მასკს ჯერ ჯერობით თვითონ არ უმოგზაურია კოსმოსში, თუმცა მისმა კომპანიამ შეძლო კოსმოსურ სადგურზე ავსტონავტების ტრანსპორტირება. მასკის მიერ შექმნილ ხომალდი არის უფრო მძიმე წონის ვიდრე Virgin Galactic-ის და Blue Origin-ის ხომალდები და კომერციული ფრენების განსახორციელებლად არ გამოდგება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუ ჯეფ ბეზოსის და რიჩარდ ბრენსონის მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარებაა, ელონ მასკი უფრო მეტად არის ორიენტირებული NASA-სთან თანამშრომლობაზე, სატელიტის გაშვების ინდუსტრიაში ბაზრის წილის მოპოვებაზე და მარსზე ადამიანის გაგზავნაზე.

Virgin Galactic ფრენების ღირებულება სამომავლოდ დაახლოვებით 250,000 აშშ დოლარი ეღირება, თუმცა ჯერ ჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება სხვა შემდეგი კომერციული ფრენების განხორციელება.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები