დღეს რუსი Instagram მომხმარებლებისთვის ბოლო დღეა, როდესაც მათ შეუძლიათ აპლიკაციით ისარგებლონ. დღეს ღამე 00:00 საათიდან Instagram მათი სმარტფონებიდან და ინტერნეტიდან „გაქრება“.
11 მარტს „როსკომნადზორმა“ (რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:
რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციაში სოციალურ ქსელ Instagram-ზე (Meta Platforms, Inc.-ის საკუთრება) წვდომა შეიზღუდება.
მიზეზად კი დაასახელეს, რომ სოციალური ქსელის Instagram, ავრცელებს საინფორმაციო მასალებს, რომლებიც შეიცავს მოწოდებებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პერსონალის მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
„როსკომნადზორის“ განცხადებაში ნახსენებია Meta Platforms Inc-ის წარმომადგენლის ენდი სტოუნის ტვიტი, რომელიც რუსეთის მხრიდან აღქმულია, როგორც მოწოდება ძალადობისკენ რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პერსონალის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ ენდი სტოუნის განცხადება ეხებოდა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სიძულვილის ენის აკრძალვის შეზღუდვის მოხსნას.
მოგვიანებით, Meta-ს გლობალურ საკითხთა დირექტორმა, ნიკ კლეგმა განმარტა თუ რა საფუძველი ჰქონდა კომპანიის გადაწყვეტილებას. კომპანიაში ამ ქმედებას ხსნიან იმით, რომ უკრაინის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება თავი დაიცვან რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან.
მან დასძინა, რომ ეს არის დროებითი ქმედება, რომელიც მიიღეს ექსტრაორდინარული სიტუაციის გამო.
Responding to reports that the Russian government is considering designating Meta as an extremist organization for its policies in support of speech: pic.twitter.com/Y8sUbZDSML
— Nick Clegg (@nickclegg) March 11, 2022
ასე, რომ რუსეთში 14 მარტიდან ინსტაგრამის სარგებლობის უფლება არავის ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში Instagram-ის მსგავსად აიკრძალება Facebook, მაგრამ WhatsApp ჯერ-ჯერობით ისევ ხელმისაწვდომი იქნება.
რუსეთისთვის დაწესებული განახლებადი სანქციების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: სანქციები



