ფოტო, რომელიც ცნობილია სახელით “სადილი ცათამბჯენის მწვერვალზე”, მსოფლიოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ის პირველად 1932 წლის 2 ოქტომბერს დაიბეჭდა New York Herald-Tribune-ის პერიოდულ გამოცემაში და იმ დროიდან იზიდავს მნახველებს, მასზე აღბეჭდილი საშიში სცენით. ზოგს შესაძლოა, მისი ხილვისას თავბრუსხვევის შეგრძნებაც კი დაეუფლოს.
სხვადასხვა წყაროებში ფოტოს ისტორია, ხშირად, დამახინჯებულად არის წარმოდგენილი და შესაბამისად, ბევრმა არ იცის, რას ასახავს ფოტო ან როგორ არის გადაღებული. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ფოტოზე ასახულია Empire State Building-ის მშენებლობის პროცესი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ქვემოთ მოცემულია ფოტოს ისტორია, რომელიც დადასტურებულ ფაქტებს ეყრდნობა.
ფოტოს გადაღების ადგილი
ფოტო გადაღებულია 1932 წლის 20 სექტემბერს, ნიუ იორკის ცენტრში და ასახავს “30 როკფელერ პლაზას” მშენებლობის პროცესს. ეს ის პერიოდია როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. “დიდი კრიზისი” მწვერვალს უახლოვდებოდა. შენობის მშენებლობა 1933 წელს დასრულდა და გახსნიდან 1988 წლამდე RCA Building-ის სახელით იყო ცნობილი, ხოლო 2015 წლიდან შენობა ამერიკული სატელეკომუნიკაციო კონგლომერატის, COMCAST-ის საკუთრებაში გადავიდა და შესაბამისად დღემდე COMCAST Building ეწოდება. აღნიშნულ შენობიდან დღეს ბევრისთვის ცნობილი ტელეკომპანია NBC მაუწყებლობს.

ფოტოზე ასახული მუშები
მრავალი მცდელობის მიუხედავად, ფოტოზე ასახული მუშების მიკვლევა შეუძლებელი აღმოჩნდა, შესაბამისად არავინ იცის მათი ვინაობა, თუმცა ერთი რამ ცნობილია, რომ მშენებლობაზე დასაქმებული იყვნენ მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ევროპელები. მრავალ ადამიანს თითქოსდა ამოუცვნია ფოტოზე მისი ბიძა ან სხვა ნათესავი, თუმცა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რაც მათ ნამდვილ ვინაობას დაადასტურებდა, ვერავინ შეძლო.
ეს ადამიანები სიცოცხლეს რისკავდნენ იმისათვის, რომ გამოემუშავებინათ ცოტაოდენი თანხა საკუთარი ოჯახებისთვის, მაშინ როდესაც ფულის შოვნა არც თუ ისე მარტივი საქმე იყო. აღსანიშნავია, რომ როკფელერის ცენტრის მშენებლობაზე, ჯამურად, სხვადასხვა მიმართულებით, 250,000 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო ფოტოზე ალბათ ყველაზე იღბლიანი 11 მათგანია ასახული.
ფოტოს გადაღების მიზანი
ზოგადად, ფოტოს გადაღების მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ნიუ იორკის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული შენობის მშენებლობის პროცესის აღბეჭდვა. ის აჩვენებს ადამიანების მტკიცე ხასიათს, იმედს და მიზანმიმართულობას იმ რთულ პერიოდში როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდესი კრიზისი მძვინვარებდა. ფოტო თითქოს ასევე გადმოსცემს ამერიკის სიძლიერეს და იდეალურ გარემოს სადაც სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ერთი მიზნის მისაღწევად ირჯებიან. ამ ყველლაფრის აღსაბეჭდად კი ფოტოგრაფები იყო საჭირო.
ვინ გადაიღო ცნობილი ფოტო?
ბევრი მიიჩნევს, რომ ფოტო გადაღებულია ჩარლზ ებეტსის მიერ, რომელიც იმ დროისთვის როკფელერის ცენტრის მშენებლობის მთავარი ფოტოგრაფის პოზიციას იკავებდა, თუმცა ცენტრის არქივში, ცნობილი ფოტოს ფოტოგრაფის გრაფაში წერია „უცნობია“. ეს იყო იმ გარემოებით გამოწვეული, რომ 1932 წლის 20 სექტემბერს მშენებლობის ადგილზე 3 ფოტოგრაფი ერთდროულად მუშაობდა და მათ არაერთი სხვა ფოტოც აჩუქეს როკფელერის არქივს და ისტორიას.

დადგმული თუ ყოველდღიურობის ამსახველი სცენა?
მუშები, რომლებიც ჩამომსხდრები არიან ლითონის არც თუ ისე განიერ ძელზე, ხელში უკავიათ მუყაოს ყუთები, სადაც მათი სადილი ინახება. სწორედ აქედან მოდის ფოტოს დასახელებაც „სადილი ცათამბჯენის მწვერვალზე“. აღსანიშნავია, რომ ჰაერში გამოკიდებული ყოფნა და ასე საკვების მიღება მათი ყოველდღიურობის ნაწილი არ ყოფილა და ისინი ერთჯერადად ფოტოს გადასაღებად იყვნენ ჩამწკრივებულები.
ფოტო შენობის ბოლო სართულზე დაახლოვებით 243 მეტრის სიმაღლეზეა გადაღებული. ზოგიერთი წყაროს ცნობით, კი გადაღების კუთხე ფოტოგრაფების მიერ სპეციალურად ისეა შერჩეული, რომ არ გამოჩენილიყო მათ ქვემოთ არც თუ ისე დიდი დაშორებით არსებული უკვე დასრულებული სართული, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით შიშს და გაკვირვებას ნამდვილად იწვევს.
მეტი დოკუმენტური მასალის ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში.

