ხედვა, მისია და მიზნები ის სიტყვებია რომლებიც ხშირად გსმენიათ ორგანიზაციაზე საუბრის დროს. თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ „რა არის ხედვა?“ უამრავ მასალას შეხვდებით ტექნიკურად როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ წინადადება რომელიც ხედვას ასახავს, თუმცა გარდა ამისა ალბათ დაგაინტერესებთ საჭიროა თუ არა საერთოდ ხედვა, რა მიზნებს ემსახურება, რა დადებითი როლი შეუძლია ითამაშოს ორგანიზაციის წარმატების გზაზე ან საერთოდ როგორ უნდა გაიგოთ გაქვთ თუ არა ხედვა ჩამოყალიბებული.
ჩვენ ვწერთ კომპანიის პერსპექტივიდან თუმცა ხედვასთან დაკავშირებული მოსაზრებები შესაძლოა ადამიანმა პერსონალურადაც იგივე წარმატებით მოირგოს ისე, რომ არ იყოს რაიმე კომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი.
რა არის ხედვა?
ყველაზე გავრცელებული განმარტებით ხედვა არის კომპანიის მომავლის განსაზღვრული მიმართულება, ანუ როგორ წარმოუდგენიათ მფლობელებს საკუთარი ბიზნესი 10, 20 ან თუნდაც 50 წლის შემდეგ. თქვენ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ გაქვთ ხედვა თუ დახუჭავთ თვალებს და შეძლებთ იმის დანახვას როგორი იქნება თქვენი კომპანია, დღეს არსებული „არეულობის“ მიღმა, რამდენიმე წლის შემდეგ, ანუ რა მიმართულებით გსურთ განვითარება, როგორი იქნება კომპანიის პოზიციონირება, შეთავაზებული მომსახურება თუ პროდუქტი სამომავლოდ და რა სარგებელს მოუტანს ის თავის მომხმარებლებს.
როდესაც ვამბობთ არარსებულის წარმოდგენას რა თქმა უნდა ამაში ჰალუცინაცია არ იგულისხმება და ჩვენი წარმოდგენა ობიექტურ რეალობას აცდენილი არ უნდა იყოს.
როგორ ხედავენ ცნობილი კომპანიები საკუთარ მომავალს?
The Wal-Mart Stories შემოსავლებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო გაყიდვების სუპერმარკეტების ქსელია. მისმა დამფუძნებელმა სემ ვოლტონმა (1918-1992) განაცხადა: „თუ ჩვენ ერთიან ძალისხმევას არ დავიშურებთ, შევამცირებთ ადამიანების ცხოვრების ხარჯებს … ჩვენ ვუჩვენებთ მსოფლიოს მოსახლეობას თუ რას ნიშნავს დაზოგო და ამავდროულად იცხოვრო უკეთესად“. „დავზოგოთ ხალხის ფული რომ დავეხმაროთ მათ იცხოვრონ უკეთესად“ დღემდე ამ კომპანიის ხედვაა.
დავზოგოთ ხალხის ფული რომ დავეხმაროთ მათ იცხოვრონ უკეთესად
ქვემოთ ასევე მოცემულია სხვა ცნობილი კომპანიების ხედვა:
Microsoft – „დავეხმაროთ ადამიანებს და ბიზნესის წარმომადგენლებს მთელს მსოფლიოში რომ შეძლონ სრული პოტენციალის რეალიზება“.
Google – “თავი მოვუყაროთ მსოფლიოს ინფორმაციას და გავხადოთ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და სასარგებლო“.
Nike – “მოვუტანოთ შთაგონება და ინოვაცია ყველა ათლეტს მსოფლიოში“.
ხედვა უნდა იყოს იმდენად კონკრეტული, რომ ადამიანების მომავალ ქცევას მისცეს მიმართულება თუმცა ამავდროულად უნდა დარჩეს იმდენად ზოგადი, რომ გაუძლოს დროს და ბიზნესის ცვალებად გარემოს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფარმაცევტული კომპანიის Wyeth China-ს მმართველის განცხადებით ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ ხედვის შექმნაა და ამაში უმაღლესი თუ საშუალო რგოლის მენეჯერების დარწმუნება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ყველამ ერთსულოვნად იმუშაოს აღნიშნული ხედვის აღსასრულებლად. მისი მოსაზრებით თუ თანამშრომლებს სჯერავთ კომპანიის ხედვის მაშინ ისინი სასწაულის მოხდენას შეძლებენ. თუ ადამიანი დაკავებულია მხოლოდ ყოველდღიური რუტინული საქმეების შესრულებით და არ შეუძლია „თავი აწიოს და მომავალში გაიხედოს“ მაშინ იგი მარცხისთვის განწირულია. Wyeth-ის მისიაა „იყოს მსოფლიოში საუკეთესო ფარმაცევტული კომპანია“. საკუთარი მისიის შესრულებას კი ცდილობენ ინოვაციური მედიკამენტების შექმნით რაც ეხმარება ადამიანებს გაიხანგრძლივონ ცხოვრება.
მომავლის სწორი ხედვა სტიმულს აძლევს როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლებს, ასევე მენეჯერებსა და თანამშრომლებს და დადებითად აისახება ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. კომპანიის ხედვაზე უნდა იყოს მორგებული ნებისმიერი სტრატეგია თუ სამოქმედო გეგმა.
ხედვა განსაზღვრავს ორგანიზაციის მომავალს და მიმართულებას სადაც ის მიისწრაფის.
შემაჯამებელი აზრები
ხედვის წინადადებაში უნდა იკითხებოდეს თუ როგორ ამართლებს კომპანია საკუთარ არსებობას და რისი შეცვლა შეუძლია ადამიანების ცხოვრებაში.
ხედვა უნდა იყოს მარტივად ჩამოყალიბებული, არ უნდა იყოს არც ძალიან ზოგადი და არც ძალიან კონკრეტული. ხედვის წინადადების დაბალანსებულად ჩამოყალიბება საჭიროა იმისათვის, რომ კომპანიას ხშირად არ მოუწიოს მისი შეცვლა და ასევე რომ იყოს ადვილად აღსაქმელი. თუ ხედვის წინადადება იქნება ძალიან ზოგადი (რაც სახეზეა ზემოთ მოცემული ჩინური ფარმაცევტული კომპანიის შემთხვევაში) მაშინ შეიძლება თანამშრომლებმა ვერ აღიქვან სერიოზულად და ხედვა მხოლოდ ფურცელზე დარჩეს და ერთ კვირაში ყველას დაავიწყდეს.
კომპანიის ხედვას უნდა შეესაბამებოდეს ყველა მისი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ყოველდღიურად მიღებული გადაწყვეტილებები.



