4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

აბსოლუტური უპირატესობა და მისი გამოყენება

რა არის აბსოლუტური უპირატესობა?

აბსოლუტური უპირატესობა არის ინდივიდის, კომპანიის, ქვეყნის ან ნებისმიერი ერთეულის უნარი, აწარმოოს საქონლის უფრო დიდი რაოდენობა ან გასწიოს უფრო მეტი მომსახურება დროის თანაბარ მონაკვეთში.

აბსოლუტური უპირატესობის მქონე ერთეულს შეუძლია აწარმოოს პროდუქტი ან გასწიოს მომსახურება უფრო დაბალი ღირებულებით ერთ ერთეულზე. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი ხდება სხვასთან შედარებით მცირე საწარმოო მასალის გამოყენებით ან პროცესების მეტად ეფექტიანად წარმართვით.

აბსოლუტური უპირატესობის ახსნა

აბსოლუტური უპირატესობის შესახებ წერდა ადამ სმიტი თავის წიგნში “ერების სიმდიდრე”. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს ისარგებლონ ვაჭრობიდან, იმ საქონლის წარმოებისა და ექსპორტის სპეციალიზაციით, რაც მათ შეუძლიათ აწარმოონ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ეფექტიანად.

აბსოლუტური უპირატესობის მქონე ქვეყნებს, შეუძლიათ კონცენტრაცია მოახდინონ კონკრეტული საქონლის წარმოებასა და რეალიზაციაზე, მიღებული შემოსავლები კი გამოიყენონ სხვა ქვეყნებიდან საქონლისა და მომსახურების შესაძენად.

ადამ სმიტის არგუმენტით, თუ ყველა ქვეყანა იმ პროდუქტს ან მომსახურებას მიაწოდებს სხვა ქვეყანას, რომელშიც მას აქვს აბსოლუტური უპირატესობა, ამით ყველა ქვეყანა გააუმჯობესებს საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, ქვეყნები მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული ისეთი პროდუქტების თუ მომსახურების აღმოჩენით და ხელშეწყობით სადაც მათ აქვთ აბსოლუტური უპირატესობა.

რა განსხვავებაა აბსოლუტურ და შედარებით უპირატესობას შორის?

თუ აბსოლუტური უპირატესობა ნიშნავს, სხვასთან შედარებით მეტი პროდუქციის წარმოებას ერთეულის ყველაზე დაბალი ღირებულებით, ხოლო შედარებითი უპირატესობა მაშინ ექნება ერთეულს მეორესთან მიმართებით, თუ მას შეეძლება პროდუქციის წარმოება ნაკლები ალტერნატიული დანახარჯით. თითოეულ საწარმოო გადაწყვეტილებას აქვს ალტერნატიული დანახარჯი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმე ნივთის წარმოებით არის დაკავებული მაშინ დროით და სხვა რესურსებს სხვა ნივთის წარმოებისთვის ვეღარ გამოიყენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალტერნატივები ამ დროს ქრება, რაც ეკონომიკურ ხარჯად მიიჩნევა.

აბსოლუტური უპირატესობის მაგალითი

მაგალითისთვის განვიხილოთ ორი ქვეყანა, გერმანია და იტალია. დავუშვათ, რომ მათ თანაბარი მოსახლეობა და რესურსები გააჩნიათ. თითოეული აწარმოებს ორ პროდუქტს: ავტომობილს და პიცას. ყოველ წელს, გერმანიას შეუძლია აწარმოოს 12 ავტომობილი ან ექვსი პიცა, ხოლო იტალიას შეუძლია აწარმოოს ექვსი ავტომობილი ან 12 პიცა.

ფოტო: Unsplash.com -  Fatima Akram

თითოეულ ქვეყანას სჭირდება მინიმუმ ოთხი ავტომობილი და ოთხი პიცა გადარჩენისთვის. თუ ქვეყნები უგულებელყოფენ ვაჭრობის შესაძლებლობას და აწარმოებენ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის მაშინ, გერმანიას შეუძლია წლის ერთი მესამედი დახარჯოს ავტომობილების და წლის ორი მესამედი პიცის წარმოებისთვის. ამ გადანაწილებით გერმანიას წლის განმავლობაში ექნება ოთხი ავტომობილი და  ოთხი პიცა. აღნიშნული წარმოება მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

იგივე ლოგიკით, იტალიას შეუძლია წლის ერთი მესამედი დახარჯოს პიცის, ხოლო ორი მესამედი ავტომობილის დამზადებაზე. იტალიასაც, ანალოგიურად, ექნება ოთხი ავტომობილი და ოთხი პიცა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები თითოეულ ქვეყანას ტოვებს გადარჩენის ზღვარზე, მათ აწარმოეს ზუსტად იმდენი პროდუქცია რაც მათ სჭირდებოდათ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გერმანიას აქვს აბსოლუტური უპირატესობა ავტომობილების წარმოებაში და იტალიას აქვს აბსოლუტური უპირატესობა პიცის წარმოებაში.

აბსოლუტური უპირატესობა განმარტავს, თუ რატომ აქვს აზრი, ინდივიდებისთვის, კომპანიებისთვის და ქვეყნებისათვის ჩაერთონ ვაჭრობაში. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულს აქვს უპირატესობა გარკვეული საქონლისა და მომსახურების წარმოებაში, ორივე ერთეულს შეუძლია მიიღოს სარგებელი ვაჭრობიდან.

თუ თითოეული ქვეყანა სპეციალიზირდება თავისი აბსოლუტური უპირატესობის მიმართულებით, გერმანიას შეუძლია აწარმოოს მხოლოდ 12 ავტომობილი და იტალიას შეუძლია აწარმოოს 12 პიცა.

თუ ისინი გაცვლიან ექვს ავტომობილს ექვს პიცაში, გერმანიასაც და იტალიასაც ექნება ექვსი ავტომობილი და ექვსი პიცა. როგორც გამოჩნდა, იმ პროდუქციის წარმოებით რაშიც მათ გააჩნდათ აბსოლუტური უპირატესობა ორივე ქვეყანამ  უკეთესი შედეგი მიიღო, ნაცვლად ოთხ-ოთხი ავტომობილის და პიცისა მათ დააგროვეს ექვსი ავტომობილი და ექვსი პიცა.

ვაჭრობა ადამ სმიტის არგუმენტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. სპეციალიზაცია, შრომის განაწილება და შემდგომი ვაჭრობა იწვევს საერთო სიმდიდრის ზრდას, საიდანაც ყველას შეუძლია მიიღოს სარგებელი.

აბსოლუტური უპირატესობის მქონე ქვეყნების მაგალითი

აბსოლუტური უპირატესობის მქონე ქვეყნის ნათელი მაგალითია საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით. ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე ქვეყანას საშუალებას აძლევს წიაღისეული მოიპოვოს გაცილებით ნაკლები ხარჯებით. სხვა მაგალითებია, კოლუმბია და მისი კლიმატი, რომელიც იდეალურია ყავის მოყვანისათვის. საუდის არაბეთისთვის ყავის მოყვანის მცდელობა იქნება უაღრესად ძვირი დასავარაუდოდ, არაპროდუქტიული წამოწყება.

პრაქტიკული გამოყენება

ადამიანებისთვისაც დასაფიქრებელია, საკუთარი აბსოლუტური უპირატესობის აღმოჩენა და ამ საქმით დაკავება. აღნიშნული გაზრდის თითოეულის მწარმოებლურობას და შესაბამისად შემოსავლებს. მაგალითად, თუ თქვენ ყველაზე კარგად გამოგდით უცხო ენის სწავლება, მაშინ სჯობს მთელი თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ამ საქმიანობისკენ და მიღებული ამონაგებით შეიძინოთ კარგი ღვინო რომელსაც შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე კომპანია აწარმოებს.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები