2021 წლის 10 ნოემბერს კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და თითქმის 3 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა, დაახლოებით ორ თვეში 46%-ით შემცირდა.
გასული ერთი კვირის განმავლობაში, 2022 წლის 15 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით, კრიპტოვალუტის მთლიანი კაპიტალიზაცია 2 ტრილიონი დოლარიდან 1.6 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა, ანუ ბაზარმა ერთ კვირაში 20% დაკარგა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა 400 მილიარდი დოლარი ერთ კვირაში ბაზრებიდან გაიტანეს და შორიდან ადევნებენ თვალს მოვლენების განვითარებას.
კრიპტოვალუტის ბაზრები დიდი არასტაბილურობით გამოირჩევა, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ განვითარებული და წამყვანი ქვეყნების მთავრობებს ერთიანი მიდგომა ამ დრომდე ჩამოყალიბებული არ აქვთ.
ამჯერად ფასების მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზი გახდა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანაში აიკრძალოს კრიპტოვალუტის წარმოება და ყველა დაკავშირებული საქმიანობა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადება, რომ ისინი აპირებენ გაამკაცრონ კრიპტოვალუტების რეკლამა, რისი მიზანიც იქნება ხალხის „ცრუ“ კრიპტოვალუტის შეძენისგან დაცვა.
ბოლო ხანებში, კიდევ ერთი დიდი დარტყმა კრიპტობაზარმა ყაზახეთში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შემდეგ მიიღო, როდესაც საფრთხე შეექმნა ქვეყნის კრიპტო „იმპერიას“.
რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, კრიპტოვალუტის გამოყენების ზრდა საფრთხეს უქმნის რუს საშუალო და მცირე ზომის ინვესტორების ფინანსურ სტაბილურობას. ასევე არსებობს საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტების არაკანონიერ საქმიანობაში გამოყენებასთან.
ცენტრალური ბანკის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს შორის, კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ჯამი წელიწადში 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რუსეთის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ კრიპტოვალუტის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს რუსეთის ფინანსური სექტორიდან ფულის გადინებას და რეალური სექტორის დაფინანსების შემცირებას, რაც სავარაუდოდ შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას.
ზემოხსენებული გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბუნებრივია, ინვესტორები მეტ სიფრთხილეს იჩენენ და ინვესტირებული ფული ბაზრებიდან გააქვთ, რაც ზრდის მიწოდებას და ამცირებს მოთხოვნას, შესაბამისად ფასებიც მცირდება.
ქვემოთ მოცემულია, კაპიტალიზაციით უდიდესი კრიპროვალუტების ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაცია. ცვლილება ეხება 2022 წლის 15 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით პერიოდს (ერთი კვირა):
BTC – (20.0%) – 43,322 USD-დან შემცირდა 34,651 USD-მდე
ETH – (29.7%) – 3,352 USD-დან შემცირდა 2,357 USD-მდე
BNB – (29.9%) – 499.8 USD-დან შემცირდა 350.4 USD-მდე
ADA – (20.0%) – 1.30 USD-დან შემცირდა 1.04 USD-მდე
SOL – (36.7%) – 148.8 USD-დან შემცირდა 94.2 USD-მდე
XRP – (25.3%) – 0.79 USD-დან შემცირდა 0.59 USD-მდე
LUNA – (27.4%) – 86.5 USD-დან შემცირდა 62.8 USD-მდე
DOT – (36.0%) – 28.3 USD-დან შემცირდა 18.1 USD-მდე
DOGE – (31.6%) – 0.19 USD-დან შემცირდა 0.13 USD-მდე



