ბრიტანული მედიის ცნობით, შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია თავისუფალი 25 იანვარიდან იყო.
გუნდის ყოფილი მწვრთნელი
გუნდი უკვე დაემშვიდობა ყოფილ ახალგაზრდა თავკაცს გრანტ მაკკანს. გრანტ მაკკანმა ჰალი სიტის 136 მატჩში უხელმძღვანელა საიდანაც გუნდმა 53 მოგება (39%) და 30 ფრე დააგროვა, ხოლო 53 მატჩში დამარცხდა.
გრანტმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა ამ საფეხბურთო კლუბისთვის რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით კი კლუბის გადაბარების პროცესში და ამისათვის მას გულწრფელ მადლობას ვუხდი.
– აკუნ ილიკალი, ჰალ სიტის მფლობელი
გუნდის ახალი მფლობელი
ჰალ სიტი 52 წლის თურქმა ბიზნესმენმა, აკუნ ილიკალიმ, 2022 წლის დასაწყისში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეისყიდა (40 მილიონი აშშ დოლარი).

მისი კომპანია „აკუნ მედია გრუპი“ ნახევარი წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კლუბის მეპატრონეებთან, ალამების ოჯახის წარმომადგენლებთან. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ, ალამების ოჯახმა, 11 წლიანი მფლობელობის შემდგომ კლუბი სხვა მეპტარონეს დაუთმო.
ჩვენ ვიწყებთ მშვენიერ მოგზაურობას ჰალ სიტისთან ერთად. ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს.
– აკუნ ილიკალი, ჰალი სიტის მფლობელი
ჰალ სიტის შესახებ
ჰალ სიტი 1904 წელს დაარსდა და პრემიერ ლიგაში ხუთჯერ იასპარეზა, ხოლო საუკეთესო შედეგი 2013-2014 წლების სეზონში აჩვენა, როდესაც სატურნირო ცხრილში 20 გუნდიდან მე-16 ადგილი დაიკავა:
- 2008-2009 – მე-17 ადგილი
- 2009-2010 – მე-19 ადგილი (დაქვეითდა)
- 2013-2014 – მე-16 ადგილი
- 2014-2015 – მე-18 ადგილი (დაქვეითდა)
- 2016-2017 – მე-18 ადგილი (დაქვეითდა)
ამჟამად, ჰალ სიტი ჩემპიონშიპში მონაწილეობს, რაც ინგლისის საფეხბურთო ლიგის ტურნირებში რანგით მეორეა. ჩემპიონშიპის წარმატებული გუნდები პრემიერლიგაში წინაურდებიან.
ჰალ სიტი მიმდინარე ტურნირში 27 მატჩის შემდეგ, 24 გუნდიდან მე-19 ადგილს იკავებს და დასაქვეითებელ ზონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე პრემიერლიგაში გადასასვლელ ზონასთან. შოთა არველაძის მთავარი ამოცანა ჩემპიონშიპში ადგილის შენარჩუნება და მომავალი სეზონისთვის ცხრილის სათავეში ადგილის დაკავება იქნება.
აღსანიშნავია, რომ ინგლისურ გუნდის 1904 წლიდან ძირითადად ინგლისელი თავკაცები წვრთნიდნენ, ხოლო შოთა არველაძე მეექვსე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მწვრთნელი იქნება.
შოთა არველაძის სამწვრთნელო კარიერა
შოთა არველაძის სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ „ალკმაარში“ ლუის ვან გაალის თანაშემწედ დაინიშნა. არველაძემ ალკმაარში ორი წელი გაატარა, რის შემდეგაც 2010 წელს „ქაისერისპორის“ მთავარი მწვრთნელი გახდა და აქაც ორი წელი იმუშავა. შემდგომ, მას 2012-2015 წლებში „ქასიმფაშას“, 2015-2017 წლებში „ტრაბზონსპორის“, ხოლო 2017 წლიდან ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტები ეკავა. შესაბამისად, შოთა არველაძის სამწვრთნელო კარიერისთვის ჰალ სიტი მეექვსე გუნდი იქნება.



