საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 35 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მაისურით 100 შეხვედრა გამართა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.
ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ბოლო ოფიციალური მატჩი 2021 წლის 10 ოქტომბერს, საბერძნეთთან ბათუმში გამართული თამაში იყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლავური კანკავამ ყველაზე მეტჯერ, 62 შეხვედრაში მოირგო.
მასთან ერთად ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი მატჩი მითამაშია და ძნელად მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ასე სწორად მიესადაგებოდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მინდორზე ეროვნული გუნდის მაისურით გასვლა ჰქვია.
– ლევან კობიაშვილი, სფფ პრეზიდენტი



