4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

APPLE-ის გადაწყვეტილებამ Facebook-ს 230 მილიარდი აშშ დოლარი დააკარგვინა

Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta Platforms Inc.-ის აქციების ფასი ერთ ღამეში 323 აშშ დოლარიდან 240 აშშ დოლარამდე დაეცა, რის შედეგადაც ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 232 მილიარდი დოლარით შემცირდა. დიახ, არ გეჩვენებათ – 232 მილიარდი დოლარი! ეს აშშ-ს ისტორიაში აქციებისთვის ერთ დღეში მომხდარი ყველაზე დიდი ვარდნაა. Facebook-ის მიერ 24 საათში დაკარგული კაპიტალიზაცია S&P 500-ის სიაში 472 კომპანიას კაპიტალიზაციის ჯამს უტოლდება.

ინვესტორებში დაბნეულობა გამოიწვია კომპანიის საქმიანობის შესახებ შედგენილმა ანგარიშმა. ცნობილი გახდა, რომ Facebook, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს მომავალ წელს.

რამ გამოიწვია ფასების დრამატული ვარდნა

Facebook-ის აქციების ფასის 25%-იანი კლება გამოიწვია კომპანიის მოგების მოსალოდნელმა მკვეთრმა შემცირებამ და კომპანიის სარეკლამო შემოსავლების სამომავლო ბუნდოვანმა პერსპექტივამ.

კომპანიის განაცხადებით, მოსალოდნელია შემოსავლების ზრდის ტემპის შენელება, რადგან მომხმარებლები ნაკლებ დროს ხარჯავენ მის უფრო მომგებიან სერვისებზე. ამას ისიც დაერთო, რომ Apple-მა გასულ წელს ახალი ტექნოლოგია დანერგა, რომლის მიხედვით APPLE-ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ უარი თქვან, ტექნოლოგიური კომპანიების ვებ-აპლიკაციების მიერ მათი მონაცემების შეგროვებაზე. თუ Facebook-ის მომხმარებლები APPLE-ის ახალ ფუნქციონალს გამოიყენებენ, რეკლამის განმთავსებლებს აღარ ექნებათ ზუსტ მიზნობრივ აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა და დაიწყებენ სარეკლამო კამპანიების წარმოების ალტერნატიული გზების ძიებას, რაც ცალსახად უარყოფითად აისახება Facebook-ის და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების სარეკლამო შემოსავლებზე. სწორედ ამ ორი მიზეზის გამო Facebook-ში ვარაუდობენ, რომ მათი სარეკლამო შემოსავლები 10 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდება.

24 საათში კომპანიების მიერ დაკარგული კაპიტალიზაციის სხვა შემთხვევები

აქციების ფასებზე მსგავსი უეცარი შემცირება, აქამდე, არაერთ უმსხვილეს კომპანიას გამოუცდია საკუთარ თავზე. მაგალითად, 2020 წლის 3 სექტემბერს Apple-მა ერთ დღეში აქციების ფასების შემცირების გამო 182 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. ეს ანტირეკორდი ახლა Facebook-ს ეკუთვნის. 2020 წლის 16 მარტს Microsoft-ის აქციების ჯამური ფასი 178 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. ამავე დღეს, APPLE-ს 156 მილიარდი აშშ დოლარით შეუმცირდა კაპიტალიზაცია.

FacebooK APPLE Microsoft Tesla Stock Prices
ტექნოლოგიური გიგანტების ანტირეკორდები

ამჟამად, Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta, 647 მილიარდი დოლარის ღირებულებით S&P 500 კომპანიებს შორის მე-7 ადგილს იკავებს. ამ უდიდესი ვარდნის შემდეგ მას მე-6 ადგილი უორენ ბაფეტის კომპანიამ Berkshire Hathaway-მ დააკარგვინა, რომლის საბაზრო ღირებულება 704 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტექნოლოგიური ბაზრის სხვა მოთამაშეები

ბოლო დღეები მარტივი არც სხვა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის ყოფილა. Amazon-ის კაპიტალიზაცია 7.8%-ით, Snap 24%-ით, Pinterest 10%-ით, Twitter 5.6%-ით, ხოლო Spotify 17%-ით შემცირდა. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, ტექნოლოგიური კომპანიების აქციონერებში დიდ აღელვებას იწვევს. გიგანტების უეცარმა წარუმატებლობამ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებზე და S&P 500-ის ინდექსზეც იმოქმედა. S&P 500 ინდექსი რასაც 500 კომპანიის საშუალო მაჩვენებელი განსაზღვრავს 2.4%-ით შემცირდა.

ტექნოლოგიური კომპანიების აქციების სამომავლო ფასები დამოკიდებული იქნება მათ სამომავლო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორების მოლოდინებზე.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები