კომპანია Apple, მარტის მეორე კვირაში, საკუთარი მომხმარებლებისთვის აპირებს ახალი დაბალფასიანი მობილური ტელეფონის და განახლებული iPad-ის წარდგენას.
2021 წლის ოქტომბერში გამართული ახალი MacBook Pro-ს პრეზენტაციის შემდეგ ეს იქნება პირველი სიახლე კომპანიისგან. პრეზენტაცია გასული ღონისძიებების მსგავსად ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
იმის მიუხედავად, რომ მარტის მეორე კვირამდე თითქმის ერთი თვე რჩება, Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, კომპანიის გეგმები შეიძლება შეიცვალოს წარმოების შეფერხებების ან სხვა ცვლილებების გამო. Apple აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ახალი ტელეფონი იქნება iPhone SE მოდელის პირველი განახლება ორი წლის განმავლობაში. მობილურ ტელეფონს დაემატება 5G ქსელის შესაძლებლობები, გაუმჯობესდება კამერა და ექნება უფრო სწრაფი პროცესორი. თუმცა, დიზაინი სავარაუდოდ ამჟამინდელი ვერსიის მსგავსი იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა iPhone SE ვერსიის დებიუტი 2020 წლის აპრილში შედგა.
რაც შეეხება ახალ iPad-ს, ეს იქნება Air მოდელის განახლება და ტელეფონის მსგავსად აღიჭურვება უფრო სწრაფი პროცესორით და 5G შესაძლებლობებით.
ახალი მოწყობილობების პრეზენტაციის გარდა, მარტის პირველ ნახევარში, კომპანია გეგმავს iOS 15.4-ის ვერსიის გამოშვებას. ერთ-ერთი მოსალოდნელი პროგრამული განახლება, რომლებიც შეეხება iPhone-ებსა და iPad-ებს იქნება Face ID-ის მხარდაჭერა ნიღბიანი ადამიანებისთვის. ფუნქცია გაგიადვილებთ მოწყობილობების ავტომატურ განბლოკვას მაშინ როდესაც ნიღაბს ატარებთ.



