4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

რუსეთში McDonald’s-ის პირველი რესტორნის გახსნის ისტორია და საინტერესო ფაქტები

მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეული მოსკოვის მაცხოვრებლებისთვის დიდი სიახლით დაიწყო. 1990 წლის 31 იანვარს გაიხსნა ყველასათვის კარგად ცნობილი ამერიკული საერთაშორისო რესტორნების ქსელის – McDonald’s-ის პირველი სავაჭრო ობიექტი.

დასავლური ფასეულობების უარმყოფელი და ამერიკის შეერთებული შტატებისგან მტრის ხატის შემქმნელი საბჭოთა კავშირის არსებობა კი დასასრულს უახლოვდებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ საკაცეზე, ერთ-ერთი ბოლო ლურსმანი ამერიკულმა სწრაფი კვების ბრენდმა დააჭედა. ხალხს აინტერესებდა „ამერიკული გემო“, თუმცა ჯერ კიდევ იმეორებდნენ, რომ ამერიკა „ცუდია“.

სიმბოლურია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ McDonald’s ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც რუსეთის აგრესია დაგმო და ქვეყანაში არსებული 850 რესტორანი დახურა. დღეს კი, 2022 წელს, მაკდონალდსი შესაძლოა პირველი ლურსმანი აღმოჩნდეს რუსეთის მოძალადე ხელისუფლებისათვის.

McDonald’s-ის პირველი რესტორნის გახსნა მოსკოვში

1990 წლის 31 იანვარს, მოსკოვისთვის დამახასიათებელი სუსხიანი დღე იყო, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა რუსეთის 38,000 მოქალაქეს საათობით მდგარიყვნენ ახალი, ამერიკული ბურგერის დასაგემოვნებლად.

რიგები მოსკოვის მაკდონალდსთან

შესაძლოა მათ სმენოდათ McDonald’s-ის შესახებ, თუმცა მისი ბურგერები უმეტესობას არასოდეს ჰქონდა გასინჯული, ამიტომ დილის 4 საათიდან დაიწყეს რიგის დაკავება.

რიგები კარგად ორგანიზებული იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ახალ რესტორანთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ქალაქში მის გახსნამდე იგრძნობოდა.

პირველ დღეს ვარაუდობდნენ, რომ 1,000 კლიენტს მოემსახურებოდნენ, თუმცა სამუშაო საათების დაწყებამდე, რიგში უკვე 5,000 ადამიანი იდგა და რესტორნის გახსნას ელოდებოდა.

პირველ დღეს რესტორანმა 30,000 შეკვეთა მიიღო, რაც იმ დროისათვის ერთი რესტორნისთვის, ერთ დღეში მიღებული შეკვეთების რაოდენობის მიხედვით, McDonald’s-ის რეკორდი იყო. მოსკოვის მაკდონალდსმა პირველი სამუშაო დღე, 1990 წლის 31 იანვარს, დიდი მოთხოვნის გამო დაგეგმილთან შედარებით გაცილებით გვიან დაასრულა.

რიგები მოსკოვის მაკდონალდთან

27 სალარო მთელი დღის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობდა და თითოეულმა საშუალოდ 1,100-ზე მეტი შეკვეთა გააფორმა.

1990 წლის 31 იანვარი - მოსკოვში, პუშკინის სკვერის მახლობლად გახსნილი პირველი რესტორანი.

პირველ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი სტუმარი მივიდა. მათ შორის იყო ბორის ელცინი, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადში რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი გახდა.

პირველი რესტორანი მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედნის სიახლოვეს გაიხსნა და სანქციების დაწესების დღემდე მასპინძლობდა კლიენტებს. რესტორნის გახსნის 30 წლის იუბილეზე, “ამერიკის ხმასთან” (VOA) საუბრისას ერთ-ერთი მომხმარებელი იხსენებს:

მახსოვს უშველებელი რიგი, ასევე კარგად მახსოვს პირველი გემო. მე ვგრძნობდი, რომ თავად ამერიკას ვჭამდი – ანდრეი, 53 წლის

მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის, ეგრეთწოდებული „პერესტროიკის“ პირობებში, მოსკოვში ამერიკული კომპანიის გახსნაზე ნებართვის გაცემა დაკავშირებული იყო დასავლური სტილის საბაზრო რეფორმების გატარების სურვილთან.

კომპანიას უფლებაც კი მისცეს, რომ რუსეთში საკუთარი საწარმო ჰქონოდა, რაც მაშინ თითქმის წარმოუდგენელი მოვლენა იყო. ადგილობრივი წარმოების არსებობა მნიშვნელოვანი იყო, რომ მიწოდების ჯაჭვი არ შეწყვეტილიყო და რესტორანში არ შექმნილიყო დეფიციტი.

მაკდონალდსმა ადგილობრივ საწარმოში, მოსკოვის გარეუბანში, 50 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ  იმ დროისთვის ადგილობრივი საწარმო საჭიროების მხოლოდ 20%-ს აწარმოებდა, ხოლო დანარჩენი 80% იმპორტზე იყო დამოკიდებული.

ეს პროპორციები 30 წლის განმავლობაში თანდათანობით შეიცვალა და რუსეთში არსებული 850 რესტორნის მომარაგების 98% სწორედ რუსეთში არსებულ წარმოებებზე მოდიოდა. შესაბამისად, რუსეთში ყველა რესტორნის დახურვამ, პრობლემები არამარტო მომხმარებლებს და თანამშრომლებს არამედ უამრავ ადგილობრივ მიმწოდებელს შეუქმნა.

იმ დროს, როდესაც საბჭოთა მაღაზიებში პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი ხშირი იყო, მაკდონალდსში საკვები არასოდეს თავდებოდა. ეს ყველაფერი კი ბიზნესის სწორი მართვის და არაკორუმპირებული მენეჯმენტის დამსახურება იყო.

კომპანია, ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში, მუშაობას აგრძელებდა, თუმცა დასაწყისში ბიზნესი წამგებიანი იყო, რადგან ერთი კვების საშუალო საფასური რუსეთის მოქალაქის დღის საშუალო ხელფასს აჭარბებდა.

რუსეთში რესტორნის გახსნის პირველი მცდელობა კრახით დასრულდა

ამერიკული ბრენდის რუსეთში შეყვანის იდეა პირველად კანადის მაკდონალდსის აღმასრულებელ დირექტორს – ჯორჯ კოჰონს, 1976 წელს მოუვიდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც კანადაში, მონრეალის XXI ოლიმპიური თამაშებზე ჩასული საბჭოთა კავშირის ლიდერები მაკდონალდსში დაპატიჟა.

საბჭოელებს საჭმელი მოეწონათ. ისინი ასევე აღფრთოვანებულები იყვნენ მომსახურებით.

ამ ფაქტიდან 4 წლის შემდეგ, მოსკოვი ემზადებოდა 1980 წლის საზაფხულო თამაშების მასპინძლობისთვის და ეძებდა გზებს, უცხოელი ტურისტებისთვის შეეთავაზებინა კვების ობიექტები რომელიც იქნებოდა სწრაფი, ნაცნობი და გემრიელი.

ის ფაქტი, რომ კანადური მაკდონალდსის შემოყვანის იდეა არსებობდა, რუსეთ-ამერიკის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ამ ყველაფერს ნეიტრალურ ელფერს აძლევდა. თუმცა, საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის გამო, ამერიკელების მიერ მოსკოვის ოლიმპიური თამაშებისთვის გამოცხადებულმა ბოიკოტმა, მაკდონალდსის რუსეთში გახსნის გეგმები ჩაშალა.

14 წლიანი ლოდინის და მოლაპარაკებების უამრავი რაუნდის შემდეგ, გორბაჩოვმა მხარი დაუჭირა მაკდონალდსის რესტორნის მოსკოვში გახსნის იდეას. ეს ნაბიჯი მაშინ აღქმული იყო, როგორც საბჭოთა კავშირის ცვლილებებისკენ მიმართული მისიის ნაწილი.

მოსკოვში გახსნილი მაკდონალდსის პირველი რესტორანი გახდა სიმბოლო და სიგნალი იმისა, რომ საბჭოთა ბაზარი იხსნებოდა დასავლური კომპანიებისთვის და პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებდა.

მომსახურების ახალი სტანდარტები

ბიზნესი ახალ ბაზარზე შესვლისას როგორც წესი აწყდება ადგილობრივი კულტურის თავისებურებებს. მაკდონალდსისთვის ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ საბჭოთა ხალხი ქუჩაში არ იღიმოდა, ასევე უკვირდათ მომსახურე პერსონალის მოღიმარი სახეები და ისინი ამის გამო იბნეოდნენ კიდეც.

1990 წელს, 50 წლის ამერიკულ კომპანიას, კლიენტებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული. კომპანიამ უკვე იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მომსახურება მოღუშული სახის გარეშე.

მაკდონალდსის პირრველი თანამსრომლები მოსკოვში

კომპანიამ ადგილობრივ გაზეთში ვაკანსიები გამოაცხადა და ქვეყანაში სადაც “უმუშევრობა არ არსებობდა” მუშაობის დაწყების 30,000 მსურველი გამოჩნდა. საბოლოოდ შეირჩა 600 აპლიკანტი. თითოეულ მათგანს ეკითხებოდნენ შეეძლოთ თუ არა მთელი დღის განმავლობაში მოღიმარი სახით შეხვედროდნენ კლიენტებს.

პირველი სამუშაო დღის ბოლოს მაკდონალდსის თანამშრომელი იხსენებს:

ჩვენ ყველას ვუღიმოდით, ისინი კი აქეთ-იქით იყურებოდნენ, და განცვიფრებულები კითხულობდნენ: რატომ იღიმი?! რა მოხდა?! – ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ დავცინოდი.

რას ამბობდნენ მაკდონალდსის პირველი მომხმარებლები

მომხმარებლებს შორის ახალმა ამერიკულმა გემომ, მომსახურებამ და ფასებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„მე საერთოდ არ მომეწონა, ეს არ არის რუსული“ – პენსიონერი ქალბატონი;

„ეს ძალიან კარგია, მაგრამ მეტს მოველოდი“ – ახალგაზრდა მამაკაცი;

„არ ვიცი რა გავსინჯე, თუმცა ეს უჩვეულო და გემრიელია, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველანი მშივრები ვართ, მაღაზიებში არაფერი გვაქვს“ – ახალგაზრდა ქალბატონი;

„ძალიან ძვირია, ისინი ჩვენ გვძარცვავენ, 6-8 რუბლი ღირს“ – ხანში შესული მამაკაცი;

„მილკშეიქი არასწორად დავდგი და დამექცა, მეგონა გარეთ გამაგდებდნენ, ამის მაგივრად მათ ახალი მომცეს“ – ახალგაზრდა მამაკაცი;

”ისინი ამბობენ, რომ დასავლეთი ცუდია, მაგრამ მე მომწონს ეს საკვები” – თქვა ახალგაზრდა მომხმარებელმა.

მოსკოვის სამომავლო გეგმები

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვში დახურულ 250 მაკდონალდსის რესტორანს ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ადგილობრივი სწრაფი კვების ობიექტებით ჩაანაცვლებს.

მისი თქმით, ხელის შემწყობი ფაქტორია ის, რომ მაკდონალდსის მომარაგების 99% რუსეთიდან ხორციელდებოდა. მან ასევე დასძინა, რომ მომსახურე პერსონალის უმეტესობა მაკდონალდსის ყოფილი თანამშრომლები იქნებიან.

Performer.ge ერთი წლის შემდეგ გადაამოწმებს, როგორ შეასრულებს მოსკოვის მოქმედი მერი დანაპირებს და როგორ შეძლებს 80 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის 250 რესტორნის ერთ წელში ჩანაცვლებას და ისეთი რიგების დაყენებას როგორსაც მაკდონალდსი იყო შეჩვეული.

მანამდე გთავაზობთ მაკდონალდსის გახსნის პირველი დღის ამსახველ ორ მოკლე ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორი ინტერესი გამოიწვია ახალი ამერიკული ბრენდის საბჭოთა კავშირში შესვლამ და რამხელა რიგები იყო იმ დღეს მოსკოვში.

დაუსრულებელი რიგები მაკდონალდსის რესტორნის გახსნის პირველ დღეს, იხ. ვიდეო.

 

CBC-ის მოკლე რეპორტაჟი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით, იხ. ვიდეო:

რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის განახლებადი ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: სანქციები

 

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები